მიხეილ სარჯველაძე - სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია, ვინმეს თუ ვადანაშაულებთ, უნდა ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა ხელის შესაშლელად
მიხეილ სარჯველაძე - სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია, ვინმეს თუ ვადანაშაულებთ, უნდა ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა ხელის შესაშლელად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად როცა დააწესა, მაშინ მათ შორის დასავლელი პარტნიორები ითხოვდნენ, ეს გადაწყვეტილება შეცვლილიყო. მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ დღის წესრიგში იდგა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჰუმანიტარული.

სარჯველაძის განცხადებით, ახლაც, როდესაც რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი, ჰუმანიტარული ფაქტორი კვლავ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული.

„ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში ოჯახებთან შენარჩუნებული აქვთ ურთიერთობა, საქართველოში მოგზაურობის ინტერესი აქვთ. მაშინ აშშ-ისგან იყო მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვლილიყო. ასევე, ევროკავშირი აკეთებდა განცხადებას და საქართველოც. ეს დამოკიდებულება სწორი იყო მაშინაც და ახლაც აქტუალურია, გვაწუხებდეს, მხედველობაში ვიღებდეთ ცალკეულ ადამიანთა გაჭირვებას, პრობლემას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სანქცირებული ბორტები არ დაიშვება და ამ თვალსაზრისით შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

„საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთების არავითარი მიზეზი არ არსებობს. გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია და ზემოქმედება არ მოუხდენია. ვინმეს თუ ვადანაშაულებთ, უნდა ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს, რათა ხელი შეეშალა რუსეთისთვის, ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადებები ბევრ არასწორ ინფორმაციას უყრის თავს, მათ შორის, როდესაც აჟიოტაჟს ტეხენ და ინფორმაცია მცდარად ცირკულირებს. შემდეგ ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობას. ზუსტად უნდა გავშიფროთ, რაც ითქვა. საქართველოს ხელისუფლებას ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება დაშვებული. წინასწარ შეშფოთების არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება როგორც ამ დრომდე ერთგულად იმყოფება პარტნიორულ ურთიერთობაში სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან, რომელთაც დაწესებული აქვთ სანქციები და მიერთებულია სანქციებთან, მაგრამ თავად არ აწესებს, ასევე ერთგულად გააგრძელებს მოქმედებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.