ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი თეთრ სახლს მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელისთვის უპირობო სამხედრო დახმარების მიწოდება
ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი თეთრ სახლს მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელისთვის უპირობო სამხედრო დახმარების მიწოდება

ამერიკელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა თეთრ სახლს მოუწოდა, შეწყვიტოს ისრაელისთვის უპირობო სამხედრო დახმარების მიწოდება.

„ეს არ არის მხოლოდ 30 000 ადამიანი, მათგან ორი მესამედი ქალი და ბავშვია, რომლებიც უკვე მოკლეს. ჩვენ განვიხილავთ ასობით ათასი ბავშვის შიმშილით სიკვდილის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები, არ შეიძლება, იყოს ბავშვების ამ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თანამონაწილე“, – განაცხადა სანდერსმა CBS-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ-მა ნეთანიაჰუს უნდა უთხრას, რომ თანხის მიღება თუ სურს, მაშინ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, ბავშვებს უნდა მისცეს ნება, მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება.

სანდერსმა მოუწოდა ბაიდენს, აღასრულოს საგარეო დახმარების აქტი, რომელიც ამბობს, რომ აშშ დახმარებას არ გაუგზავნის არცერთ ქვეყანას, რომელიც ბლოკავს ან ზღუდავს აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების ნაკადს.

„გამოდის, რომ ისრაელი არღვევს კანონს. ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება კანონის დარღვევაა,  ეს გასაგები უნდა იყოს. აღარ არის ფული ნეთანიაჰუს ომის მანქანისთვის პალესტინელი ბავშვების მოსაკლავად“, – განაცხადა სანდერსმა.

ამასთან, როგორც სანდერსმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს უჭერს მხარს და აღნიშნა, რომ მასა და დონალდ ტრამპს შორის განსხვავება ნათელია.

„ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნათლად აჩვენა კონტრასტი თავის მიმართვაში. ბაიდენსა და ტრამპს შორის ისეთი კონტრასტია, როგორც დღე და ღამე. ტრამპის არჩევა კატასტროფა იქნებოდა ამ ქვეყნისთვის და, ჩემი აზრით, მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა სანდერსმა.