ჯეიმს აპატურაი - ვაცნობიერებთ, რომ საქართველო არის რთულ ვითარებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა მაშინაც კი, როცა ეს არის გამოწვევებით სავსე რუსეთთან ურთიერთობის კუთხით
ჯეიმს აპატურაი - ვაცნობიერებთ, რომ საქართველო არის რთულ ვითარებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა მაშინაც კი, როცა ეს არის გამოწვევებით სავსე რუსეთთან ურთიერთობის კუთხით

ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინასა და უკრაინელებს უწევს, განსაკუთრებით, პარლამენტში. დელეგაციამ, რომელსაც შევხვდი, ჩამოგვითვალა საქართველოს მიერ უკრაინის დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორის, პოლიტიკურადაც, – ამის შესახებ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს განათლებას ბავშვებისთვის უკრაინულ ენაზე, ასევე საქართველომ უკრაინას გადასცა რამდენიმე ათეული გენერატორი.

„მივიღეთ ინფორმაცია ყველა პოლიტიკური დეკლარაციის, მათ შორის თანასპონსორობაზე, უკრაინელების მიღებაზე. თუ არ ვცდები, რამდენიმე ათასი უკრაინელია საქართველოში და ხელისუფლება უზრუნველყოფს განათლებას ბავშვებისთვის უკრაინულ ენაზე. ასევე, როგორც მე ვიცი, უკრაინამ რამდენიმე ათეული გენერატორი მიიღო საქართველოსგან. ეს ის შემთხვევაა ასევე, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან რუსული ჯარები არც თუ ისე შორს არიან. განსაკუთრებით, რუსეთის მუქარის შემცველი პოზიციების ფონზე, როდესაც საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკას, იმ პოზიციის მგრძნობიარობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს. ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა, განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, რომ დაეხმარონ უკრაინას. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებულ უნდა იქნას ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, რაც შესაძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საკვანძოა, რომ უკრაინა არა მხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.