ბერნი სანდერსი - ოლიგარქები მართავენ რუსეთს, თუმცა, იცით რა, ოლიგარქები მართავენ აშშ-საც
ბერნი სანდერსი - ოლიგარქები მართავენ რუსეთს, თუმცა, იცით რა, ოლიგარქები მართავენ აშშ-საც

ოლიგარქები მართავენ რუსეთს, თუმცა, იცით რა, ოლიგარქები მართავენ აშშ-საც, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „გარდიანი“ ინტერვიუს 81 წლის ამერიკელ სენატორთან, ბერნი სანდერსთან, რომლის თქმითაც, დღეს მსოფლიოში გლობალური ოლიგარქიაა. ინტერვიუ მისი ახალი წიგნის, „კაპიტალიზმზე გაბრაზება ნორმალურიას“ გარშემო წარიმართა.

„დიახ, რა თქმა უნდა, ოლიგარქები მართავენ რუსეთს. თუმცა, იცით რა, ოლგარქები მართავენ აშშ-საც. და არამხოლოდ აშშ-ს, არამხოლოდ რუსეთს. ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, მთელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენლად მდიდარი ადამიანების მცირე რიცხვს, რომლებიც რაღაცას თავიანთ სასარგებლოდ აკეთებენ. გლობალური ოლიგარქია. ამ საკითხზე საუბარი საჭიროა“, – აცხადებს სანდერსი.

მისი თქმით, სურს, იყოს ოლიგარქების კუთვნილი ამერიკული მედიის ანტიდოტი, რომელიც დააფიქრებდა მის აუდიტორიას და ისაუბრებდა ნებისმიერ რამეზე, ცნობადი სახეების, ბეისბოლისა და ბოლოდროინდელი „გამოღვიძების“ მიმის გარდა, რაც ასუსტებს კონტროლს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენს დისფუნქციურ ჯანდაცვის სისტემაზე. არ ვსაუბრობთ შემოსავლისა და სიმდიდრის უთანასწორობაზე. თითქმის არ ვსაუბრობთ კლიმატის ეგზისტენციალურ საფრთხეზე. ჩემი წიგნის მიზანია, დავიწყოთ ეს დისკუსია“, – აღნიშნავს სანდერსი.

აღსანიშნავია, რომ ბერნი სანდერსი ცოტა ხნის წინ გახდა სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და საპენსიო კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც მან უკვე დაიბარა „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც, სანდერსის მტკიცებით, „მულტიმილიარდერი გახდა“ მთავრობის მიერ დაფინანსებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით. კომიტეტში დაიბარეს „სთარბაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ შულციც და ვარაუდობენ, რომ სენატის მოსმენაზე მიწვევა მიუვა „ამაზონის“ დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც.