ამერიკელი სენატორები რუსი ოლიგარქების საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ
ამერიკელი სენატორები რუსი ოლიგარქების საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორებმა მსხვილ ამერიკულ და ევროპულ ბანკებს წერილით მიმართეს და ე.წ. „კრემლის ანგარიშში“ მოხსენიებული პირების საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, წერილის ავტორები სენატორები ჯინ შაჰინი და შელდონ უაითჰაუსი არიან. მათი გზავნილი სამმა ამერიკულმა და 5-მა ევროპულმა ბანკმა მიიღო. ადრესატებს შორის არის ამერიკული JPMorgan Chase-ი და Citibank-ი, ასევევ გერმანული Deutsche Bank, ბრიტანული Barclays და HSBC , ასევე შვეიცარული UBS და Credit Suisse.

სენატორებს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აინტერესებთ. კონკრეტულად კი ჰყავთ თუ არა ე.წ. კრემლის ანგარიშში მოხსენიებულ პირებს ამ ბანკებში ანგარიშები.

„რუსი ოლიგარქების სიმდიდრისა და კრემლთან მათი კავშირების გათვალისწინებით, ბევრი ოლიგარქი რუსეთში პოლიტიკური გავლენებით სარგებლობს ​“, – ნათქვამია სენატორების წერილში.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკები რუსი ოლიგარქების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარს იტყვიან, სენატორები მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და გამოძიების დაწყებით იმუქრებიან. ჩამოთვლილ ბანკებში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. კრემლის ანგარიში იანვარში გამოაქვეყნა. ნუსხაში 210 ადამიანია ჩამოთვლილი, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან არიან დაკავშირებული, მათ შორის  114 თანამდებობის პირი და 96 ოლიგარქია.