აშშ-ის სახაზინო მდივანი - ევროპული ბანკები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, სანქციების დიდი რისკის წინაშე დგანან
აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ევროპული ბანკები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, დიდი რისკების წინაშე დგანან და აშშ განიხილავს სანქციების გამკაცრებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის ტრანზაქციების შესრულებას უწყობენ ხელს.
ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ პოტენციურად ჩვენი სანქციების გამკაცრებას იმ ბანკების მიმართ, ვინც რუსეთში საქმიანობს“, – განაცხადა იელენმა ინტერვიუში.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ბანკებზეა საუბარი.
იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს მიცემულ ინტერვიუში, იელენმა განაცხადა, რომ რუსეთში ბანკების ოპერაციებთან დაკავშირებული სანქციები დაწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის მიზეზი იქნება, თუმცა, მისი თქმით, რუსეთში მუშაობა ძალიან ბევრ რისკს ქმნის.
კითხვაზე, ისურვებდა თუ არა, რომ ავსტრიულ Raiffeisen Bank International-სა და იტალიურ UniCredit-ს რუსეთი დაეტოვებინათ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ ზედამხედველებმა მათ ურჩიეს, იყვნენ უკიდურესად ფრთხილად იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ იქ“.
„როიტერის“ ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ავსტრიული ბანკი Raiffeisen-ი წერილობით გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დოლარში დენომინირებულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეეზღუდოს რუსეთთან მისი საქმიანობის გამო.