ამჟამად დედამიწა უძველესი სუპერნოვას ნარჩენებში გადაადგილდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ოკეანის სიღრმეში აღმოჩენილი რადიოაქტიური მტვერი მიუთითებს, რომ ამჟამად დედამიწა აფეთქებული ვარსკვლავის მიერ დატოვებულ მასიურ ღრუბელში გადაადგილდება.
ბოლო 33 000 წლის განმავლობაში უწყვეტად, კოსმოსიდან დედამიწაზე დალექილია სუპერნოვაში გამოჭედილი რკინის უიშვიათესი იზოტოპი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწაზე ეს იზოტოპი, სახელად რკინა-60 დაილექა. თუმცა, აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, ასეთი დალექვა ახლაც გრძელდება — ჩვენ ჯერ კიდევ გადავადგილდებით მტვრის ვარსკვლავთშორის ღრუბელში, რომელიც სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინ სუპერნოვას აფეთქების შედეგად გაჩნდა.
უკვე წლებია, რკინა-60-ზე რამდენიმე კვლევაა ფოკუსირებული. მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 2,6 მილიონი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 მილიონ წელიწადში ის მთლიანად იშლება და შესაბამისად, პლანეტაზე აღმოჩენილი რკინა-60 ის ნებისმიერი ნიმუში არ უნდა წარმოადგენდეს პლანეტის ფორმაციის დროინდელს, 4,6 მილიარდი წლის წინანდელს.
მისი დანალექები კი ნამდვილად არის აღმოჩენილი. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ბირთვულმა ფიზიკოსმა ენტონ უოლნერმა ზღვის ფსკერის დანალექები წარსულში უკვე დაათარიღა და აღმოჩნდა, რომ ისინი 2,6 და 6 მილიონი წლის წინანდელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდებში ჩვენს პლანეტას სუპერნოვას ნარჩენები აწვიმდა.
თუმცა, არსებობს ამ ვარსკვლავური მტვრის გაცილებით უახლესი მტკიცებულებებიც.
ის ანტარქტიდის თოვლში აღმოაჩინეს; როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ის დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაშია ჩამოცვენილი.
ამას გარდა, რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რკინა-60 აღმოაჩინეს დედამიწის გარშემო კოსმოსშიც, რაც ნასას ტელესკოპმა 17-წლიან პერიოდში გაზომა.
ახლახან, უოლნერმა კიდევ უფრო მეტი ეს მასალა იპოვა — ორი სხვადასხვა ადგილიდან აღებულ ზღვის ღრმა დანალექებში და ის 33 000 წლის წინანდელია. აღსანიშნავია, რომ რკინა-60-ის რაოდენობა მთელი ამ დროის განმავლობაში ფრიად მდგრადია. თუმცა, ეს აღმოჩენა უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს გვთავაზობს.
დედამიწა ამჟამად გადაადგილდება რეგიონში, რომელსაც ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი ეწოდება და ის გაზის, მტვრისა და პლაზმისგან შედგება.
თუ ეს ღრუბელი აფეთქებული ვარსკვლავების მიერ არის წარმოქმნილი, უპრიანია ვიფიქროთ, რომ რკინა-60-ის ძალიან მკრთალი მტვერი დედამიწას სწორედ მისგან აწვიმს. ზუსტად ამაზე მიუთითებს ანტარქტიდაზე გაკეთებული აღმოჩენაც. სწორედ ამის დადასტურებას ცდილობდნენ უოლნერი და მისი ჯგუფი ოკეანის დანალექების ანალიზისას.
თუმცა, თუკი რკინა-60-ის წყარო ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელია, მასში მზის სისტემის შესვლისას უნდა აღინიშნებოდეს ამ იზოტოპის რაოდენობის მკვეთრი ზრდა; ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ეს პროცესი ბოლო 33 000 წლის განმავლობაში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ძველ ნიმუშებს რკინა-60-ის მნიშვნელოვნად დაბალი დონე უნდა ჰქონდეს.
როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ასევე შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ვარსკვლავთშორის ღრუბელი და სუპერნოვას ნარჩენები უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა და არ არის ერთი სტრუქტურა; ვარსკვლავთშორის სივრცეში შეიძლება დარჩენილი იყოს მილიონობით წლის წინ აფეთქებული სუპერნოვას ნარჩენები. ეს კი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი არ გახლავთ სუპერნოვას მკრთალი ნარჩენი.
„არსებობს ახალი კვლევები, რომლებიც ვარაუდობს, რომ მტვრის ნაწილაკებში ჩაჭედილი რკინა-60 შეიძლება ვარსკვლავთშორის სივრცეში დახტის. შესაბამისად, ეს რკინა-60 შეიძლება სათავეს იღებდეს უფრო ადრინდელი სუპერნოვებისგან და ჩვენ მათ ერთგვარ ექოს ვაფიქსირებთ“, — განმარტავს უოლნერი.
მკვლევართა განცხადებით, ამის გარკვევის საუკეთესო გზაა 40 000 წლიდან მილიონი წლის წინანდელი პერიოდის უფრო მეტი რკინა-60-ის ძებნა.
უფრო წარსულ პერიოდში რკინა-60-ის რაოდენობის ზრდა უძველესი სუპერნოვას აშკარა მტკიცებულება იქნება.
თუმცა, რკინა-60-ის რაოდენობის მატება უფრო უახლეს წარსულში, იმას უნდა მიუთითებდეს, რომ მისი წყარო ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელია.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.