ანტარქტიდის თოვლში უძველეს ვარსკვლავთა აფეთქების მტვერი აღმოაჩინეს
ანტარქტიდის თოვლში უძველეს ვარსკვლავთა აფეთქების მტვერი აღმოაჩინეს

ანტარქტიდაზე ახლად მოსული თოვლის კვლევისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მასში დამალული ვარსკვლავთშორისი მტვერი რკინის უიშვიათეს იზოტოპს შეიცავდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მტვერი ახალი ჩამოცვენილია. ამ აღმოჩენას შეუძლია გადამწყვეტი ცნობები მოგვცეს ჩვენს გალაქტიკურ სამეზობლოში მიმდინარე ვარსკვლავურ აფეთქებათა შესახებ.

ცნობილია, რომ კოსმოსური მტვერი დედამიწაზე მუდმივად ცვივა, ძირითადად პლანეტებისა და ვარსკვლავების ფორმაციის შედეგად მორჩენილი ციცქნა ნამცეცების სახით, რომლებიც ხშირად მილიარდობით წლისაა. ასეთი მტვრის საძებნელად ანტარქტიდა ბრწყინვალე ადგილია, რადგან ის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი რეგიონია და ადვილია არამიწიერი წარმოშობის იზოტოპთა პოვნა.

ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა მიაგნეს უიშვიათეს იზოტოპ 60Fe-ს (რკინა-60) — რკინის მრავალი რადიოაქტიური ვარიანტიდან ერთ-ერთს. წარსულში ეს იზოტოპი აღმოჩენილია ღრმა ზღვის დანალექებსა და ბაქტერიის გაქვავებულ ნამარხებშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 3,2-1,7 მილიარდი წლის წინ დედამიწის სიახლოვეს ერთი ან მეტი სუპერნოვა აფეთქდა.

ახალი კვლევის ფარგლებში, ვარსკვლავთშორისი რკინა-60 ანტარქტიდის ახალ თოვლში პირველად აღმოაჩინეს. მკვლევართა თქმით, ეს თოვლი ბოლო 20 წლის განმავლობაშია მოსული.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკოსის, დომინიკ კოლის განცხადებით, იგი ძალიან გაკვირვებულია, რადგან იქ რკინა-60 ის არსებობის შესახებ აქამდე მხოლოდ ჰიპოთეზა იყო.

„საკმაოდ სასიხარულო მომენტი იყო, როდესაც მონაცემებში რკინა-60 ვიხილე, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ზოგადი ასტროფიზიკური სურათი არც თუ ისე მცდარია“, — ამბობს კოლი.

სურათი კი შემდეგნაირია — მზის სისტემა ამჟამად ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში (LIC) გადის; ეს გახლავთ მკვრივი ვარსკვლავთშორისი სივრცის ჯიბე, რომელიც ვარსკვლავთშორისი მტვრის რამდენიმე ღრუბელს შეიცავს.

რკინა-60 დედამიწაზე ბოლო წლებშია დალექილი, რაც კიდევ უფრო ადასტურებს მოსაზრებას, რომ ჩვენს ადგილობრივ გალაქტიკურ სამეზობლოსა და მის განსაკუთრებულ ვარსკვლავთშორის შემადგენლობაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს აფეთქებულმა ვარსკვლავებმა.

უფრო მეტს დამატებითი კვლევები გვეტყვის. ეს აღმოჩენა ასევე დაგვეხმარება ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში ჩვენი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, რამდენ ხანს იმოგზაურებს მასში მზის სისტემა.

ამჟამინდელ კვლევაში ჩართული იყო ძლიერ მგრძნობიარე მას-სპექტრომეტრი, რომელმაც ქიმიური ანალიზები ჩაუტარა ანტარქტიდიდან აღებულ და გერმანიაში წაღებულ 500 კგ თოვლს. ამ სახის ანალიზები მსოფლიოში სულ ორ ადგილას ტარდება; ერთ-ერთი სწორედ მიუნხენშია.

ნიმუშებში მკვლევრებმა ასევე გაზომეს სხვა ელემენტთა იზოტოპების პროპორციებიც, რათა დარწმუმებულიყვნენ, რომ რკინის იზოტოპი ნამდვილად ვარსკვლავთშორისი წარმოშობის იყო. საბოლოოდ გამოირიცხა უფრო მახლობელი წარმოშობა, მაგალითად, მზის სისტემაში არსებული კოსმოსური ნამსხვრევების კოსმოსური სხივებით დასხივების, ანდაც ბირთვული ცდების შედეგად.

რაც უფრო მეტი ვიცით ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში სუპერნოვების აფეთქებათა ქრონოლოგიისა და ადგილმდებარეობის შესახებ, უკეთესად ვსწავლობთ სამყაროს და მის ნაკვალევს დედამიწაზე.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია და გვიამბობს გალაქტიკაში ჩვენი მთლიანი სამეზობლოს ბოლოდროინდელ ისტორიას, ისევე როგორც იქ არსებულ მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლისა და სიკვდილის ამბებს.

კვლევა ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Science News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.