ამბროლაურში მევენახეები და ღვინის კომპანიები ყურძნის ჩაბარების ფასზე - 7 ლარზე შეთანხმდნენ
ამბროლაურში, სადაც ყურძნის ჩაბარების შეთავაზებულ ფასს – 6 ლარს აქციაზე აპროტესტებდნენ, შეთანხმება მოხდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ღვინის კომპანიები ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს მევენახეებისგან 1 კგ.-ს 7 ლარად ჩაიბარებენ.
როგორც ადგილზე მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რთველი რეგიონში ხვალიდან დაიწყება.
შეთანხმებამდე, დღეს ამბროლაურში ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილობრივებმა ცენტრალური გზაც გადაკეტეს. ისინი ყურძნის შეთავაზებული ფასის გარდა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, მათ სუბსიდირებით გამოყოფილი თანხა აღარ გადაუხადეს.