ამაზონის ტყეებში საათის ფორმის უძველეს ნასოფლართა დამალული ქსელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ვერტმფრენებზე დამონტაჟებული დისტანციური ლაზერული სკანერების გამოყენებით, არქეოლოგებმა ამაზონის ტყის საფარის ქვეშ ჩახედვა და საათის ფორმით განლაგებული უძველესი ნასოფლარების გამოვლენა შეძლეს.
მართალია, ეს ე. წ. ბორცვი სოფლები აქამდეც იყო შემჩნეული, მაგრამ დათვალიერების ახალმა ტექნოლოგიამ გამოავლინა მათი ზუსტი განლაგება მასშტაბში, თანაც, მონაცემები რთული სამუშაოსა და მიწის გათხრის გარეშე შეაგროვეს.
აღმოჩენა სკანირების ტექნოლოგია LIDAR-ით გაკეთდა — დისტანციური, ღრმა სკანირების ტექნიკით, რომელიც სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილია თვითმავალ მანქანებში და უახლეს iPhone-ებშიც კი.
„LIDAR-ის საშუალებით დავაფიქსირეთ ეს სოფლები და მათი ისეთი მახასიათებლებიც, როგორიც არის გზები; ეს აქამდე შეუძლებელი იყო, რადგან უმეტესი მათგანი საუკეთესო თანამგზავრულ ფოტოებშიც კი არ ჩანს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჟოზე ირიარტე.
ბორცვიდან ბორცვზე მუშაობის ნაცვლად, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, მკვლევრებმა მთლიანი სოფლებისა და მათი დამაკავშირებელი გზების განლაგების დანახვა ტყის ზემოდან, ვერტმფრენზე დამონტაჟებული სენსორით, RIEGL VUX-1 UAV LIDAR-ით შეძლეს.
სკანირებებმა აჩვენა, როგორ არის ახ. წ. 1300 – 1700 წლებში აშენებული ეს სოფლები განლაგებული; ისინი ძალიან სპეციფიკურ სოციალურ მოდელებს წარმოადგენდა, აშკარა იერარქიის გარეშე.
„ბორცვი სოფლების ერთფეროვანი სივრცული განლაგება, ნეოტროპიკების თანამედროვე სარტყლური სოფლების მსგავსად, სავარაუდოდ აღნიშნავს ადგილობრივ ამერიკელთა ფიზიკურ წარმოდგენას კოსმოსზე“, — წერენ მკვლევრები.
თითოეულ ადგილზე იპოვეს 3-დან 32-მდე ბორცვი; ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ბორცვების სიმაღლე 3 მეტრია და 20 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული. სამომავლო ახლო შესწავლა დაადგენს, ზუსტად რისთვის გამოიყენებოდა ეს ბორცვები — სახლებისთვის თუ სასაფლაოსთვის.
LIDAR-მა დააფიქსირა გრძელი, დიდი და მცირე გზებიც, რომლებიც ბორცვი სოფლებიდან მზის სხივების მსგავსად გამოდის. უმეტესი სოფლიდან ორი გზა ჩრდილოეთით მიდის, ორიც სამხრეთით.
„LIDAR-ი სრულიად ახალ საშუალებას გვაძლევს, რომ დავაფიქსიროთ ამაზონის გაუვალ მცენარეულობაში ჩაკარგული ძეგლები“, — ამბობს ირიარტე.
საერთო ჯამში არქეოლოგებმა 36-ზე მეტი სოფელი შეისწავლეს; ზოგიერთი მათგანი ერთმანეთისგან 2,5 კილომეტრით არის დაშორებული. წრიული და ელიფსური ფორმის სოფლების გარდა, მკვლევრებმა მართკუთხედის ფორმის სოფლებიც დააფიქსირეს.
ეს კვლევა ავსებს იმ ცარიელ ნაწილებს, რაც ამაზონის წვიმის ტყის ამ ნაწილის, ბრაზილიის აკრის შტატის სამხრეთ-დასავლეთ სექტორის ისტორიაში არსებობს. მიჩნეულია, რომ წარსულში, ეს რეგიონი საუკუნეების განმავლობაში იყო მჭიდროდ დასახლებული.
თუმცა, კვლევა ჯერ მხოლოდ პირველადია — ამ სათუთად ჩამწკრივებული სოფლების შესახებ ჯერ ბევრი რამ აღმოსაჩენია, ეს კ ადგილზე მუშაობას მოითხოვს.
„LIDAR-ის ტექნოლოგია გვიჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და კომპლექსური მშენებლობის ისტორია ჰქონდა ამაზონის ამ ნაწილს“, — ამბობს კვლევის ავტორი ჟოზე ირიარტე.
კვლევა Journal of Computer Applications in Archaeology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.