ამაზონის განადგურებამ შეიძლება გლობალურ კატასტროფათა მთელი კასკადი გამოიწვიოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ამაზონის გაუტყეურება (დეფორესტაცია) უკან არდაბრუნების წერტილს უახლოვდება. თუ ეს ეკოსისტემა დაეცემა, გარემოში შეიძლება ნახშირბადის ვრცელი მარაგების შეუქცევადად გამოთავისუფლება დაიწყოს. კლიმატის ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ ეს ტროპიკული ტყე უკვე იმაზე მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს.
ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ამაზონი თვითგამძლეობის კრიტიკულ ზღვარს გადალახავს, ამ კატასტროფას შეიძლება დომინოს ეფექტი ჰქონდეს და მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს გარდამტეხი მომენტები, უეცრად დააჩქაროს გარემოს კრიზისი და პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
გლობალურ კლიმატურ კრიზისში გარდამტეხი წერტილები, მაგალითად, ყინულის საფარის ჩამოშლა, მყინვარების დნობა, ხეების ხმობა, ზღვის დონის მატება, ცვალებადი მუსონები, ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.
თითოეულ ასეთ ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვნად დაათბოს ჩვენი პლანეტა, დედამიწა ერთგვარ სათბურად გადააქციოს, რასაც შეუქცევადი და კატასტროფული ეფექტები ექნება.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია გლობალურ სათბურის ეფექტთან, მაგრამ კლიმატის კრიზისში გაურკვეველია, რა თანმიმდევრობით მოხდება საბოლოოდ ეს მოვლენები.
ახალი კვლევა ფოკუსირდა ამაზონის გარდამტეხ წერტილზე და მის ზოგიერთ კავშირზე სხვა რეგიონულ კლიმატურ სისტემებზე.
1979-2019 წლებს შორის შეგროვებული ისტორიული მონაცემების გამოყენებით, კლიმატის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა კავშირი დაამყარა ამაზონში ხეების დაკარგვასა და ტიბეტისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის გათბობას შორის.
ამ მონაცემების გლობალური კლიმატური სისტემის მოდელში შეტანამ მიუთითა, რომ ასეთი კავშირი მჭიდროდ იყო სინქრონიზებული თანამედროვე კლიმატის ცვლილებასთან.
ამაზონში უხვნალექიანი პერიოდები დაკავშირებულია ტიბეტსა და დასავლეთ ანტარქტიდაზე მცირე ნალექებთან.
2008 წლის შემდეგ, ტიბეტის მთიანეთში თოვლის საფარი არქტიკის მსგავსი სწრაფი მაჩვენებლით დნება.
ტიბეტის მთიანეთს ზოგჯერ დედამიწის მესამე პოლუსსაც უწოდებენ და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს წყლის გლობალურ მარაგსა და კლიმატში.
თუ ახალი კვლევა მართებულია, ტიბეტის თოვლის საფარის დაკარგვა ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნახევარი მსოფლიოს გაუტყეურებით. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს რეგიონი ამჟამად უახლოვდება გარდამტეხ წერტილს, რაც თითქოს შეუმჩნევლად ხდება.
კავშირი ანტარქტიდას, ტიბეტსა და ამაზონს შორის დაახლოებით 10 000 კილომეტრზეა გაშლილი და როგორც ჩანს, ეფუძნება ძლიერ ოკეანურ დინებებსა და დასავლეთის ქარებს.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ამ კვლევის მიმოხილვაში, ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის კლიმატური მეცნიერი ვალერი ლივინა ეთანხმება, რომ მოდელები აჩვენებს ძლიერ კავშირს დიდ მანძილებს შორის.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპლექსური ქსელების თეორია გარდამტეხი წერტილების კონტექსტს მოარგეს და კვლევის ორი ზონის სინერგია მნიშვნელოვან ცნობებს გვთავაზობს გლობალური კლიმატის დინამიკის შესახებ. ეს ნაშრომი გლობალური მასშტაბის გარდამტეხი წერტილების ანალიზის ახალ გზას ხსნის“, — წერს ლივინა.
მიუხედავად ამისა, რჩება გაცილებით მეტი კომპლექსურობა, რომელთა ჩართვაც სამომავლო მოდელებშია საჭირო.
ამაზონის გაუტყეურება გავლენას მხოლოდ ტიბეტსა და ამაზონზე როდი ახდენს. წინა კვლევების მიხედვით, ამაზონის კლიმატს, რომელიც ძლიერ არის განპირობებული მისი ხეებით, გავლენა აქვს კარიბის ზღვის მარჯნის რიფებსა და ჩრდილოეთ ამერიკის მთებში თოვლის შემცირებასთან.
პლანეტის კლიმატური სისტემები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედამიწა ხომ სულ ერთი ციცქნა პლანეტაა.
კვლევა Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.