ამ ზაფხულს, დედამიწის ისტორიაში ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა აღრიცხულთა შორის — #1tvმეცნიერება
ამ ზაფხულს, დედამიწაზე აღრიცხულთა შორის ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა; ამის მიზეზია რხევა მის ღერძში, რის გამოც, ჩვენს პლანეტას ერთი შემობრუნებისთვის 24 საათზე წამით ნაკლები დასჭირდა.
პორტალ timeanddate.com-ის ცნობით, 2022 წლის 29 ივნისი, 24 საათზე, ანუ 86 400 წამზე 1,59 მილიწამით ნაკლები ხანგრძლივობის იყო.
ბოლო ათწლეულებია, დედამიწის ბრუნვა უმნიშვნელოდ ნელდებოდა, რაც ასევე უმნიშვნელოდ გრძელ დღეებს განაპირობებდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ტენდენცია პირიქით შეიცვალა და დღის ხანგრძლივობამ შემცირება დაიწყო.
თუკი დედამიწის ბრუნვის აჩქარების ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, ისტორიაში პირველად გახდეს საჭირო საათიდან ატომური წამის გამოკლება.
დედამიწისთვის რხევა უჩვეულო არ არის; ის ყოველთვის საკუთარი ღერძის შესაბამისად არ ბრუნავს — ეს ღერძი კი წარმოადგენს წარმოსახვით ხაზს ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის.
ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწა სრულყოფილი სფეროს ფორმის არ არის.
ეკვატორთან ჩვენი პლანეტა გამოზნექილია, პოლუსებთან კი ოდნავ გაბრტყელებული, ანუ, საერთო ჯამში აქვს ოდნავ ელიფსური ფორმა.
ბრუნვას ხელს უშლის სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ოკეანის მიქცევა-მოქცევა და მთვარის გრავიტაცია.
მათემატიკის პროფესორის, ლეონიდ ზოტოვის აზრით, დედამიწის ბრუნვის აჩქარების მიზეზი შეიძლება იყოს პერიოდული მოძრაობა, რომელსაც „ჩანდლერის რხევას“ უწოდებენ.
ასეთი რხევა პირველად 1880-იანი წლების ბოლოს დააფიქსირეს, როდესაც ასტრონომმა სეთ კარლო ჩანდლერმა შენიშნა, რომ პოლუსები 14-თვიანი პერიოდით ირხევა.
2000-იანი წლების დასაწყისში, ამ რხევამ შენელება დაიწყო და ისტორიულ მინიმუმს 2017 წელს მიაღწია.
ზოტოვის განცხადებით, 2017-2020 წლებში ეს რხევა „გაქრა“.
timeanddate.com-ის ცნობით, ამ ჰიპოთეზის წარდგენას ზოტოვი აზია-ოკეანეთის დედამიწის მეცნიერებათა საზოგადოებისთვის წარდგენას აპირებს, თუმცა, მისი კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის.
ყოველდღიური ცხოვრების გადმოსახედიდან, დედამიწის რხევები დიდად არ იცვლება. თუმცა, ამის მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია, რათა ატომურმა საათმა სიზუსტე შეინარჩუნოს, რაც უმნიშვნელოვანესია GPS-ისა და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ზუსტი კოორდინაციისთვის.
მომზადებულია timeanddate.com-ის მიხედვით.