ამ თვეში დედამიწის მოსახლეობა რვა მილიარდს მიაღწევს — გრძელი გზის საკვანძო მომენტები #1tvმეცნიერება
ამ თვეში დედამიწის მოსახლეობა რვა მილიარდს მიაღწევს — გრძელი გზის საკვანძო მომენტები #1tvმეცნიერება

პირველი ადამიანები აფრიკაში, დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და მას შემდეგ, პლანეტა დედამიწის მოსახლეობა მუდმივად იზრდება, თუ არ ჩავთვლით დროებით პაუზებს.

2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, მსოფლიოს მოსახლეობა საეტაპო ნიშნულს, რვა მილიარდს მიაღწევს. იქამდე კი გთავაზობთ კაცობრიობის ზრდის მოკლე მიმოხილვას.

პირველი ადამიანები

ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ადამიანების უძველესი ნამარხები 2,8 მილიონი წლის წინანდელია და აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.

თუმცა, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებლები მე-19 საუკუნემდე ძლიერ არასანდო იყო.

ერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ჩვენი წინაპრები მონადირე-შემგროვებლები იყვნენ და უფრო ცოტა შვილები ჰყავდათ, ვიდრე მოგვიანებით პოპულაციებს.

პლანეტის მოსახლეობა მწირი იყო ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მონადირე-შემგროვებლებს საკუთარი თავის გამოსაკვებად ბევრი მიწა სჭირდებოდათ — ერთ ადამიანს დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრი.

მსოფლიო მოსახლეობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ ძალიან, ძალიან ნელა.

ახალშობილთა პირველი ბუმი

ნეოლითურ ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 10 000 წლისთვის, სოფლის მეურნეობის გამოჩენამ მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენთვის ცნობილი პირველი ნახტომი მოიტანა.

სოფლის მეურნეობამ განაპირობა მომთაბარე ხალხის ერთ ადგილას დასახლება, საკვების შენახვის შესაძლებლობა, რამაც თავის მხრივ, შობადობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია.

„დედებს შვილების სხვადასხვა საკვებით კვება შეეძლოთ, რამაც ძუძუდან მოშორების პროცესი დააჩქარა და შეამცირა მშობიარობებს შორის მანძილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი ქალი უკვე ერთ ბავშვზე მეტი ჰყავდა“, — ამბობს საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის (INED) მკვლევარი ერვე ლე ბრა.

თუმცა, მუდმივ საცხოვრებელთა ჩამოყალიბებამ ასევე მოიტანა საფრთხეები; თუნდაც ის, რომ ცხოველთა მოშინაურების გამო, ადამიანებს მათგან ახალი, მომაკვდინებელი დაავადებები ედებოდათ.

განსაკუთრებით მაღალი იყო ახალშობილთა სიკვდილიანობა — ბავშვების მესამედი ერთი წლის ასაკამდე კვდებოდა, კიდევ მესამედიც 18 წლის ასაკამდე.

„სიკვდილიანობა უზარმაზარი იყო, მაგრამ ასევე მუდმივი იყო ახალშობილთა ბუმი“, — ამბობს ტულუზის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ერიკ კრუბეზი.

საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის შეფასებით, ძვ. წ. 10 000 წლისთვის, მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით ექვს მილიონ ადამიანს ითვლიდა, ძვ. წ. 2000 წლისთვის 100 მილიონს გადააჭარბა, ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში კი 250 მილიონს.

შავი სიკვდილი

შავმა ჭირმა, იმავე შავმა სიკვდილმა, შუა საუკუნეებში მოსახლეობის რაოდენობა მოულოდნელად შეაჩერა.

ცენტრალურ აზიაში, თანამედროვე ყირგიზეთის ტერიტორიაზე გამოჩენილი პანდემია ევროპას 1346 წელს მისწვდა გემებით, რომლებსაც ტვირთები შავი ზღვის გავლით მიჰქონდა.

სულ რაღაც რვა წელიწადში, დაავადებამ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის 60 პროცენტამდე მოსპო.

შავი ჭირის გამო, 1300-1400 წლებში, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 429 მილიონიდან 374 მილიონამდე შემცირდა.

პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის დროებით შემცირება იქამდე სხვა მოვლენებმაც გამოიწვია; მაგალითად, იუსტინიანეს ჭირმა, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში, 541 – 767 წლებში მძვინვარებდა და დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეების დასაწყისში მიმდინარე ომებმა.

რვა მილიარდი

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მოსახლეობის რაოდენობამ ნამდვილი აფეთქება დაიწყო; ამის მიზეზი დიდწილად გახდა თანამედროვე მედიცინის განვითარება და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, რამაც მსოფლიოს საკვებით მომარაგება გააძლიერა.

1800 წლიდან დღემდე, მსოფლიო მოსახლეობა რვაჯერ გაიზარდა, დაახლოებით ერთი მილიარდიდან რვა მილიარდამდე.

გრუბეზის განცხადებით, ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაქცინების შექმნამ, განსაკუთრებით ყვავილის ვაქცინამ, რომელმაც სრულად მოსპო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მკვლელი დაავადება.

1970-იან და 1980-იან წლებში კიდევ ერთი მცირე რევოლუცია მოხდა, ამჯერად გულის დაავადებათა მკურნალობაში, რამაც 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში სიკვდილიანობა შეამცირა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.