ამ შაბათ-კვირას ცაზე ახლად აღმოჩენილი იშვიათი კომეტა გამოჩნდება — #1tvმეცნიერება
კომეტა, სახელად ნიშიმურა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ აღმოაჩინეს, ამ შაბათ-კვირას შეიძლება შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდეს. შემდეგში ასეთი რამ 437 წლის შემდეგ მოხდება.
ქვისა და ყინულის ბურთს, რომლის ზუსტი ზომაც უცნობია, სახელი მოყვარული იაპონელი ასტრონომის, ჰიდეო ნიშიმურას პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც ის პირველმა შენიშნა 12 აგვისტოს.
მართლაც იშვიათია, როცა კომეტის ხილვადობის პიკი აღმოჩენიდან მალევე დგება.
„კომეტების უმეტესობას მზესთან უახლოეს წერტილში მოსვლამდე თვეებით ან წლებით ადრე ვპოულობთ“, — ამბობს პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი ნიკოლას ბივერი.
მისი განცხადებით, მზესთან ასე ახლო წერტილში კომეტა ყოველ 437 წელიწადში ერთხელ გაივლის. მისი ორბიტა საკმაოდ გრძელია და კომეტა დროის უმეტეს ნაწილს მზის სისტემის გარე, ცივ ნაწილში ატარებს.
როდესაც კომეტები მზეს უახლოვდებიან, სითბო მათ ბირთვის ორთქლად და მტვრად გადაქცევას იწვევს, რაც გრძელ კუდს წარმოქმნის.
ასეთი კუდი მზის სინათლეს ირეკლავს და სწორედ ასე ვხედავთ კომეტებს დედამიწიდან.
ნიშიმურას ოფიციალური სამეცნიერო სახელია C/2023 P1 და მზესთან უახლოეს წერტილში ის 17 სექტემბერს მივა.
ამ დროს ის მზისგან 33 მილიონი კილომეტრის მანძილზე იქნება, რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია მზესა და დედამიწას შორის მანძილზე.
კომეტა დედამიწას 125 მილიონი კილომეტრის მანძილზე, სრულიად უსაფრთხოდ ჩაუვლის.
კომეტის დანახვა ყველაზე ადვილი ამ შაბათ-კვირას იქნება, 9-10 სექტემბერს, განსაკუთრებით ჩვენთან, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
„ყველაზე კარგად კომეტა მზის ამოსვლამდე გამოჩნდება, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ვენერასგან მარცხნივ, მოწმენდილ, დაუბინძურებელ ცაზე“, — ამბობს ბივერი.
უკეთესი იქნება, თუ კომეტას პატარა ბინოკლით დააკვირდებით, მაგრამ თუ გარემო პირობები შესაბამისი იყო, ის შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება.
კომეტის კუდი მომწვანო ფერის იქნება, რადგან ის უფრო მეტ გაზს შეიცავს, ვიდრე მტვერს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.