ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმის შესწავლა არ მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის შესწავლა არ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით იმაზე მეტ ინფორმაციას არ ფლობს, რაც საჯაროდ გავრცელდა.
„დაგიდასტურებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ საქმის შესწავლა არ მიმდინარეობს. შესაძლებელია, აღნიშნული ფაქტის გადამოწმება თუ შესწავლა სხვა სამართალუწყებაში იყოს. საჯაროდ რაც გაცხადდა, იმაზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.