მეუფე შიო ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს - მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის, თქვენი ცხოვრების გზა, პიროვნული თვისებები დიდი სულიერების მაგალითია
მეუფე შიო ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს - მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის, თქვენი ცხოვრების გზა, პიროვნული თვისებები დიდი სულიერების მაგალითია

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე შიომ ილია მეორეს წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით ეს დღე მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს. ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.

1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია.

„მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას“, – იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო.

მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“.

თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა: სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის – „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა“.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!“, – განაცხადა მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში.