ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მისივე თქმით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის შრომისუნარიანია.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, არსებობს ფაქტები, რომ, ზოგადად, ნივთიერებები, რაც მეუფის სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოსაწამლად.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად და არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა, თავად გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა და ამ პროცესში ვიყავით. რადგანაც მოხდა ამის გახმაურება, შემდეგ შეკითხვებს გავეცით პასუხი. ყოფილა შემთხვევები და ფაქტები, რომ, ზოგადად, ნივთიერებები, რომლებიც სისხლში აღმოჩნდა, გამოყენებულია ადამიანის მოსაწამლად“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განცხადებით, უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„საგამოძიებო უწყებიდან თავად დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება. თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი. ყველაფერი, რაც შეიძლება, ვილაპარაკო პრივატულად, საჯაროდაც ვთქვი. ამ თემაზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა, ამის იქით მეტი არაფერია საძიებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანია, მუშაობს, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.