ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გამო ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გამო ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

„ახლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ სანქციების ენით. საზოგადოება თუ არ იჩქარებს, ლიეტუვა იფიქრებს თავისი საკუთარი ეროვნული სანქციების დაწესებაზე“, – განუცხადა მედიასაშუალებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ევროკავშირსა და ევროსაბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები, ევროპის საბჭომ უნდა იმოქმედოს, რადგან ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების დარღვევა“, – წერს ლატვიელი დიპლომატი „ტვიტერში“. ედგარს რინკევიჩსმა რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მისთვის გამოტანილ განაჩენს საშინელი ცინიზმი და კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული უპატივცემულობა უწოდა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.