მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ივ როშეს“ საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს.

ოპოზიციონერისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა. ამის მიზეზად უწყება ნავალნის მიერ პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ასახელებდა.

პროკურატურის ცნობით, ალექსეი ნავალნი ვალდებული იყო, თვეში სულ მცირე ორჯერ ინსპექციაში გამოცხადებულიყო, თუმცა აღნიშნული პირობა დაარღვია. პროკურორმა, ეკატერინა ფროლოვამ აღნიშნა, რომ გერმანიაში ყოფნის დროს პოლიტიკოსი ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

გამოძიების ვერსიით, ალექსეი და ოლეგ ნავალნების გადამზიდავი ფირმა კომპანია „ივ როშეს” რუსულ წარმომადგენლობას ხელოვნურად გაზრდილი ფასებით უწევდა მომსახურებას, რითაც კომპანიას ასობით ათასი დოლარის ზარალი მიადგა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას „ივ როშემ“ პრეტენზიებზე უარი განაცხადა. კომპანიის რუსეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, ბრუნო ლეპრმა კი დაზარალებულის სტატუსით სასამართლოში გამოსვლაზე უარი თქვა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ალექსეი ნავალნის პროცესის პარალელურად, გარეთ მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. უფლებადამცველი ცენტრის „ოვდ ინფოს“ მონაცემებით, დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ალექსეი ნავალნი და მისი თანაგუნდელი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სასამართლო დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.