ალექსეი არესტოვიჩი - ბელარუსელ ჯარიკაცებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება არ სურთ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ბელარუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ.
„ბელარუსის მთავრობა მუდმივად აფასებს მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მათივე მონაცემების მიხედვით, სამხედროების 60% უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციას ნეგატიურად აფასებს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, ბელარუსელი სამხედროები დაძალების შემთხვევაშიც კი, ძლევამოსილების მაგალითს არ გამოავლენენ.
„ისინი ან ნეიტრალური იქნებიან, ან ძალიან ცუდად იბრძოლებენ, ან საერთოდ ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.