ალექსანდრე მეტრეველი - ხვიჩა მაქაცარია პრეზიდენტად დამსახურებულად აირჩიეს
ალექსანდრე მეტრეველმა კომენტარი გააკეთა დღეს გამართულ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ყრილობაზე, სადაც ხვიჩა მაქაცარია პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო თავად მეტრეველი – ვიცე პრეზიდენტად და გამგეობის თავმჯდომარედ.
„ყრილობა ნორმალურად, დემოკრატიულ ვითარებაში გაიმართა და მიმაჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარია პრეზიდენტად დამსახურებულად აირჩიეს. ჩოგბურთის სამყარო და ჩოგბურთის ფედერაცია მის თანადგომას ყოველთვის გრძნობდა. ახლა მთავარია, ეპიდმდგომარეობამ ხელი შეგვიწყოს და 2021 წელს დანიშნული ტურნირები გაიმართოს, თორემ წინა წელი, ფაქტობრივად, პანდემიამ წაგვართვა“, – ამბობს ალექსანდრე მეტრეველი.
ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა მეორე კანდიდატმა, ბატონმა მირიან ანდრიაძემ, კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა.
„დელეგატებს ჩემი ხედვები წარვუდგინე. ჩოგბურთში, ფაქტობრივად, 50 წელი ვარ და საკუთარი ხედვა ჩამომიყალიბდა, საქმე როგორი და რა მიმართულებით უნდა წარვმართოთ. მაგრამ რომ არ იყოს მაქაცარია, ჩვენს სამყაროს მეტი პრობლემა ექნებოდა. კანდიდატურა ამიტომ მოვხსენი“, – აცხადებს ნოდარ ანდრიაძე.