დევისის თასი | ზურა ტყემალაძემ ტუნისელი დუგაზი დაამარცხა და ანგარიში ორამდე გაზარდა - პირდაპირი რეპორტაჟები ტელესკოლაზე #1TVSPORT
დევისის თასი | ზურა ტყემალაძემ ტუნისელი დუგაზი დაამარცხა და ანგარიში ორამდე გაზარდა - პირდაპირი რეპორტაჟები ტელესკოლაზე #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები, დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი II-ში, ტუნისის ნაკრებს ეთამაშება. მატჩები კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, კერძოდ კი, შატო მეფის ქალაქის საჩოგბურთო კორტებზე მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ (ATP-ის რეიტინგში 450-ე) და ზურა ტყემალაძემ (687) ერთეულებში წარმატებით ითამაშეს. ფურცელაძემ ტუნისელი მოწინააღმდეგე მოეზ ეჩარგუი (299), ორ სეტში დამაჯერებლად, 6:1, 6:4 დაამარცხა, ტყემალაძემ კი აზიზ დუგაზის (238) სამ სეტში 3:6 7:6 6:4 სძლია.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიშია 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამ წყვილში გამარჯვებული 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ხვალ, 16 სექტემბერს, დევისის თასზე, საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებს შორის ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართება, ხოლო შემდეგ კიდევ ორი დაპირისპირება ერთეულთა თანრიგში. გამარჯვებული ის ნაკრები იქნება, რომელიც სამ მატჩს მოიგებს.

საქართველოს ნაკრებში ამჯერადაც არ გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელმა, ივნისის დასაწყისში, მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მას მერე კორტზე არ გამოჩენილა. ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისელებთან ორჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა ფურცელაძე (450), ზურა ტყემალაძე (698), ალექსანდრე მეტრეველი (826) და ალექსანდრე ბაკში (841).

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტელესკოლა შემოგთავაზებთ.