ალექსანდრე გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ნაკადები ცალსახად გაზრდილია
ალექსანდრე გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ნაკადები ცალსახად გაზრდილია

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ნაკადები ცალსახად გაზრდილია, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს აეროპორტების გასული წლის ტენდენციები და ზოგადად, საავიაციო ბაზრის პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორია ვითარება საქართველოს საჰაერო სივრცეში მას შემდეგ, რაც ირანში უკრაინული ავიაკომპანიის კატასტროფის გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ირანის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერეს და სანაცვლო სატრანზიტო სივრცედ საქართველოს ცა აირჩიეს. წამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ გუშინ საქართველოს ავიაციის სააგენტომ ქართულ ავიაკომპანიებსაც მოუწოდა, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. 

გაჩეჩილაძის განმარტებით, საქართველოს ავიაციის სააგენტოს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ავიაკომპანიებს ნებისმიერ ცვლილებას დაუყოვნებლივ შეატყობინებს.

„ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირებთან. მონაცემების გაცვლა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მგზავრთა, ისე ფრენების უსაფრთხოება. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით რამე სიახლე იქნება, ბუნებრივია, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ავიაკომპანიებს, ინდუსტრიას, რომელსაც გუშინ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე უშუალოდ გავაცანით აღნიშნული რეკომენდაციები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება სატრანზიტო მარშრუტის ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადმოტანას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროის მოადგილის განმარტებით, საჰაერო ნაკადის ზრდა აშკარაა, თუმცა დინამიკაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„რაც მეტი საჰაერო ხომალდი ისარგებლებს საქართველოს საჰაერო სივრცით, ეს საქართველოსთვის პირდაპირ მეტ სარგებელს ნიშნავს. მაგრამ დინამიკაში რომ დავაკვირდეთ, პროცესი როგორ მიდის, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა, პირველადი შეფასებით, საჰაერო ნაკადები საქართველოს საჰაერო სივრცეში ცალსახად გაზრდილია, რასაც საქართველოს სანავიგაციო სისტემა შეუფერხებლად უზრუნველყოფს“, – განუცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორს“.