ალექსანდრე ჩივაძე - ფინალამდე სიცხე მქონდა, წამალი დოპინგად ჩაითვლებოდა და ვერ დავლიე #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - ფინალამდე სიცხე მქონდა, წამალი დოპინგად ჩაითვლებოდა და ვერ დავლიე #1TVSPORT

„თბილისის „დინამოში“ ორჯერ მოხდა, რომ ერთად მოვიდნენ ნიჭიერი მწვრთნელები და ნიჭიერი მოთამაშეები“, – ეს საქართელოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა.

ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა 41 წლის წინანდელი გამარჯვების დეტალები და ის წერილი გაიხსენა, რომელიც პატრიარქმა თამაშამდე ფეხბურთელებს გაუგზავნა.

„პირველად 1964 წელს მოხდა, როდესაც უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მეორედ კი 1976-1981 წლებში მოხდა. სხვა პერიოდებში ბევრი დიდი მოთამაშე იყო, მაგრამ შედეგი არ ყოფილა.

ფინალის წინა დღეს სახეში ბურთი მომხვდა და ისეთი სისხლი წამომივიდა, ვერ გამიჩერდა. ზაქრო თელიამ მოედანზე დამაწვინა და სისხლი ასე შემიჩერა. მაგრამ მერე სასტუმროში რომ მივედით, სიცხე 40 გრადუსამდე ამეწია.

დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა გორგოძე იყო. საწოლის გვერდით ჩამოჯდა. წამლების მიღება არ შეიძლებოდა – დოპინგი იყო. ტემპერატურის დაწევას რაღაც ჩაით ვცდილობდი. როგორ ვიქნებოდი, ფინალში გამოხვიდე 40 გრადუსი სიცხით. მაგრამ უფლება არ გვქონდა, არ გვეთამაშა.

ნოდარ ახალკაცმა პატრიარქის გამოგზავნილი დეპეშა თამაშის წინ წაგვიკითხა. მანამდე 2-3 დღე ჰქონდა, მაგრამ ფსიქოლოგი უნდა იყო და იცოდე, როდის რა თქვა – ეს ძალიან დიდი მომენტია. ნოდარიმ ზუსტი დრო შეარჩია და მაშინ წაგვიკითხა, როდესაც მინდორზე გავდიოდით. ამის შემდეგ მოედანზე საბრძოლველად გავედით.

პირველად გერმანელებმა გაგვიტანეს, მაგრამ მოგებაში მაინც დარწმუნებულები ვიყავით. 1:1-ზე უკვე დამატებით დროზე ვფიქრობდით. რაც ვიტალიმ (დარასელიამ) გააკეთა, შედევრი იყო, იშვიათად, რომ ფინალურ მატჩში ასეთი გოლი გავიდეს. საკუთარ თავზე აიღო – ძალიან დიდი მოთამაშე უნდა იყო, რომ შეხვედრის ბედი ფინალში ინდივიდუალურად გადაწყვიტო“, – იხსენებს ალექსანდრე ჩივაძე.