თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი - „დინამო თბილისმა“ ვაწაძის დუბლით „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი - „დინამო თბილისმა“ ვაწაძის დუბლით „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამო თბილისმა“ სადებიუტო შეხვედრა ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში, წყალტუბოში „სამგურალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშისა და მწვრთნელის გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი მათე ვაწაძემ ითამაშა. 37 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა 32-ე წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

ვითარება 69-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც თბილისელები კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის ირაკლი სირაძე გააძევა. „სამგურალმა“ დიდი ძალებით შეუტია და 82-ე წუთზე პაბლო რიანიოს გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თუმცა მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და „დინამომ“ თემურ ქეცბაიას დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. თბილისელებმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მე-9 პოზიციაზე დარჩა.