„დინამო თბილისმა“ „იბერია“ დაამარცხა - თორნიკე კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „იბერია“ დაამარცხა - თორნიკე კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ საკუთარ მოედანზე ეროვნული ლიგის ლიდერს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამოს“ ზედიზედ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და მისი გაგრძელება მოქმედ ჩემპიონთანაც შეძლო. საინტერესოა, რომ ქეცბაიას ფაქტორმა სტადიონზე ქომაგებიც მიიზიდა და თამაშს დაახლოებით ხუთი ათასი მაყურებელი დაესწრო.

33-ე წუთზე ანგარიში ნანა კოფი დონკორმა ეფექტური დარტყმით გახსნა, 45-ე წუთზე კი „დინამოს“ უპირატესობა ორამდე აბდულაი იორომ გაზარდა.

შესვენების შემდეგ „იბერია“ ვითარების გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ „დინამომ“ თავი კარგად დაიცვა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

70-ე წუთზე დინამოელთა რიგებში თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი შედგა – საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას 16 წლის ძმამ სადებიუტო თამაში საკმაოდ ეფექტურად ჩაატარა, ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

13 ტურის შემდეგ „იბერიამ“ (24 ქულა) ლიდერობა შეინარჩუნა, „დინამო თბილისმა“ კი 21 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა.

დღესვე ეროვნული ლიგის მატჩში „გაგრამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა – მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.