ალექსანდრ ლუკაშენკომ საკადრო ცვლილებების მიზეზად, მთავრობის ზოგიერთი წევრის ლოთობა დაასახელა
ალექსანდრ ლუკაშენკომ  საკადრო ცვლილებების მიზეზად, მთავრობის ზოგიერთი წევრის ლოთობა დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთ მიზეზად ხელმძღვანელი პირების ლოთობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„მთავრობის განახლების შემდეგ მე ვაგრძელებ სიტუაციის მონიტორინგს. მინდა ვთქვა, რომ ეს ჯერ არ არის დასასრული. ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ბევრ თანამდებობის პირს და არა მხოლოდ მთავრობაში, რომლებიც არ იძლევიან შედეგს ან არ მუშაობენ ჩემს მიერ განსაზღვრული პრინციპებით. საჯაროდ მინდა ვთქვა ლოთობის დაუშვებლობაზე.  მრცხვენოდა ამაზე საუბარი, თუმცა ბევრი ხელმძღვანელი პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავათავისუფლე, საკმაოდ ბევრს სვამდნენ“, -აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მიმართა, რომ აღნიშნული მიზეზის გამო, მთავრობის რამდენიმე წევრთან დამშვიდობება მოუწევს.

„მე ხომ არ ვაკონტროლებ, ვისთან სვამთ, ვისთან დადიხართ აბანოში, ვის ესაუბრებით. შეგერგოთ. თქვენ ხელმძღვანელები ხართ, თქვენ უნდა იცოდეთ ეს ყველაფერი. თუმცა, რაც შეეხება ლოთობას, უნდა იცოდეთ ზომა, უნდა იცოდეთ ვისთან, სად და რამდენი დალიოთ. თუ ამის შეგრძნებას დაკარგავთ, თქვენ ხელმძღვანელი არ ხართ. სწორედ ამ მიზეზით, უახლოეს დროში ჩვენ მოგვიწევს ზოგიერთთან დამშვიდობება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ალექსანდრ ლუკაშენკომ საკადრო ცვლილებები განახორციელა და ამის მიზეზად მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან პრეზიდენტის განკარგულებებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაასახელა.