არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,23 პროცენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 პროცენტმა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, შედეგად არიან დაშავებულები. ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებიც დააკავა, თუმცა დაშავებულებისა და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.