ახმეტის ვიცე-მერი - მატანის საჯარო სკოლაში წელს ალბათ, მხოლოდ ეზოს საპირფარეშოს მოვაწესრიგებთ
სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული თანხა ამ დრომდე ბიუჯეტში ასახული არ იყო, – ამის შესახებ ახმეტის ვიცე- მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშზე, სადაც სხვა სკოლებთან ერთად სოფელ მატანის N 1 საჯარო სკოლის საპირფარეშოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებაცაა საუბარი.
ვიცე-მერის თქმით, ახმეტის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 590 ათასი ლარი გამოეყო, რაც საკმარისი არ არის.
„სამი დღის წინ გამოიცა მთავრობის განკარგულება თანხის გამოყოფის შესახებ და ახლა აისახა ბიუჯეტში. ახმეტის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 590 ათასი ლარი გამოეყო. ეს მიზერული თანხაა, რადგან მუნიციპალიტეტში 19 საჯარო სკოლა საჭიროებს დახმარებას და მხოლოდ მატანის ერთი სკოლის საპირფარეშოს მოწესრიგებაზე 94 000 ლარს ვერ დავხარჯავთ. ალბათ, წელს მხოლოდ ეზოს საპირფარეშოს მოვაწესრიგებთ“, – აცხადებს ვიცე-მერი.
სოფელ მატანის N 1 საჯარო სკოლის ეზოში ორი საპირფარეშოა, რომელთაგან ერთი ავარიულია და მეორე – ამორტიზებული. ავარიული საპირფარეშოს საძირკველი დაწეულია და ბავშვებს კედელზე გაკეთებული წარწერა „შესდექ სახიფათოა“ აფრთხილებს. მატანის საჯარო სკოლის 345 მოსწავლე შედარებით ძველი საპირფარეშოთი სარგებლობს, რომელშიც ანტისანიტარიული ვითარებაა, მორყეულია კარები და დაზიანებულია სახურავი.
„გამოსავალი არ გვქონდა, ისევ ძველ ტუალეტს ვიყენებთ, წლებია, ვითხოვთ მის მოწესრიგებას. შექმნილი ვითარება უკიდურესად აუტანელია, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ერთი ტუალეტით ვსარგებლობთ“, – ამბობს სკოლის პედაგოგი ლალი შათირიშვილი.
მოსწავლეებს ხელის დაბანის შესაძლებლობა ტუალეტიდან 40 მეტრის მოშორებით, წყაროზე აქვთ, საპონი და ტუალეტის ქაღალდი კი, სკოლის პირველი სართულის ერთ-ერთი ოთახის ფანჯარაში დევს. სკოლის დირექტორის, ნელი ტერტერაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლიდან დღემდე განათლების სამინისტროში უამრავი მოთხოვნა აქვს გაგზავნილი.
„ყველა საქმის კურსშია, რამდენჯერმე იყვნენ კიდეც სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილზე ნახეს სიტუაცია, დაგვპირდნენ, რომ მოაწესრიგებდნენ, თუმცა ამ დრომდე მდგომარეობა უცვლელია“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
როგორც ცნობილია, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ დელეგირებულია მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის პრეროგატივა გახდა. ტერტერაშვილი ამბობს, რომ მემორანდუმის შემდეგ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა.
„გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა. სკოლის სამივე სართულზე, ეზოში და დაწყებითი კლასების კორპუსში საპირფარეშოების მოწყობას 94 ათასი ლარი სჭირდება. ახმეტის მერიასაც მივმართეთ თხოვნით და იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაიჭრება პრობლემა“, – აცხადებს ნელი ტერტერაშვილი.