ახმეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობა სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში არ არის გზა, სასმელი წყალი, მაღაზია, ექიმი, აფთიაქი და ინტერნეტი, რის გამოც სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია შეუქცევადი გახდა და გასულ წელთან შედარებით, სოფელი ათი კომლით შემცირდა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში არსებულ პრობლემებზე დახმარებისთვის მაჟორიტარ დეპუტატსაც მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
კასრისწყლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, კერძოდ კი როგორც საზღვრისპირა და რაიონის ცენტრიდან შორს მდებარე სოფელს, გამონაკლისის სახით მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ამ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება, რათა სოფელში მოხდეს მოსახლეობის დამაგრება და საზღვრისპირა ტერიტორია ნასახლარად არ იქცეს.