ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის თქმით, ვინაიდან სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებული არ არის, ზუსტი მონაცემების თქმა, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, რთულია.

„ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ რომ ხანძარი არის ლოკალიზებული, მიმდინარეობს სრული მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოები გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში, ისევ მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, რომლებიც ახორციელებენ ქრობის სამუშაოებს, ასევე დღის განმავლობაში რთული რელიეფის გამო მოხდა თავდაცვის სამინისტროს სახანძრო სპეცტექნიკის ჩართვა და მათი საშუალებით ჩვენი მეხანძრეებისთვის წყლის მიწოდება. ამ დროისთვის, დაზუსტებულ რაოდენობას ფართობს ვერ ვამბობ, ვინაიდან სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებული არ არის. ხვალისთვის ვიმედოვნებთ, რომ ფართობის დაახლოებით რაოდენობას დავადგენთ. ვერტმფრენებს რაც შეეხება, მათი ჩართულობა ხვალისთვის გადაწყდება დღეს ღამით შესრულებული სამუშაოებით“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა.

სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.

სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი, ასევე 70 მეხანძრე-მაშველი. ამასთან, ხანძრის კერებამდე გზის გაყვანის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო.