ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს
ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან განაახლეს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სამი ვერტმფრენი, ასევე 70 მეხანძრე-მაშველი.

როგორც კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ჩარკვიანმა განაცხადა, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რათა ხანძრის კერებამდე გზა გაიყვანონ.

„ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. რელიეფი არის მეტად რთული, ვერცერთი სამაშველო ავტოტექნიკა ვერ მიდის ხანძრის კერებამდე, რათა მოხდეს მოკლე დროში ხანძრის ლიკდივიდაცია, მაგრამ მძიმე ტექნიკა ახლაც და მთელი ღამე აქტიურად მუშაობდა რომ გაიყვანოს გზა, რათა სახანძრო ერთეულებმა შეძლონ მისვლა ცეცხლის კერებამდე და შესაბამისი დამუშავება“, – განაცხადა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ჩარკვიანმა.

ადგილზე მოქმედებს საგანგებო შტაბიც, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.