ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიაში კიდევ 75 პირი შეიყვანა
ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიაში კიდევ 75 პირი შეიყვანა

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ კიდევ 75 პირი შეიყვანა. სასანქციო სიაში მოხვდა 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა ორ კომპანიას.

ახალი ზელანდიის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ ანდრეი აკიმოვს, „ლუკოილის“ ყოფილ პრეზიდენტ ვაგიტ ალეკპეროვს, „ვნეშეკონომბანკის“ თავმჯდომარეს სერგეი გორკოვს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ალექსანდრ მიხეევს, „ნოვატეკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს ლეონიდ მიხელსონს, სახელმწიფო კომპანიის „ნორილსკის ნიკელის“პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს და სხვა პირებს.

ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრის დემიენ ოკონორის განცხადებით, აპრილში ახალი ზელანდიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთიდან იმპორტი 75%-ით შემცირდა.

„დღევანდელი დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გზავნილს რუსეთისადმი, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ და არ დავუჭერთ მხარს რუსულ სამხედრო მანქანას“, – განაცხადა მინისტრმა.