ახალი წესები ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა და ე.წ. მევახშეებისთვის - მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა
საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში ახალი, სამართლიანი წესები მკვიდრდება, სადაც მომხმარებელთა უფლებები დაცულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, რეფორმა ეკონომიკის დაკრედიტების ახალი, ხარისხობროვი სტანდარტების დაწესებას ითვალისწინებს და მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.
როგორ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბვალიანობაა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე, სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია. ასევე, მისი შეფასებით, ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია.
რეფორმის ფარგლებში რამდენიმე სიახლე წესდება:
თანხის გადაუხდელობის გამო, მხოლოდ არსებული გირავნობის საგნის დაყადაღება მოხდება და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;
იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;
სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ამჟამად 100%-ს შეადგენს, 50%-მდე მცირდება;
ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისთვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;
წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით;
მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი.
ასევე, რეფორმის ფარგლებში შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოხსენებული საქმიანობა.
ამასთან, აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.