ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„პარლამენტში გამოსვლისას დავპირდი საზოგადოებას, რომ საქართველოში გვექნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი. იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს გაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მომავალ კვირას მოხდება პირველი პროექტის პრეზენტაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ ჰარმონიზებას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობდა, დასრულდა და ის სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს.
„ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე. დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომელიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, ეს არის ციფრული საბაჟო განვითარების კონცეფცია, რაც ბიზნესისთვის საბაჟოს ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამდროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.
ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა კერძო სექტორთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, სადაც საბაჟო კოდექსის პროექტი ყველას ჩართულობითა და თანამონაწილეობით განიხილება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველოში მივიღოთ ისეთი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქართველი მეწარმეების ინტერესებს პასუხობს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.