ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა მართლაც შენელდა — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა მართლაც შენელდა — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა მართლა ნელდება, რაც აჩენს კითხვებს, თუ რა ხდება პლანეტის ცენტრში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას.

აღმოჩენის ავტორი სამხრეთ კალიფორნიის მკვლევართა ჯგუფია. მათი განცხადებით, ბირთვის ბრუნვის ამ ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს დღის ხანგრძლივობაზე, მაგრამ მხოლოდ წამის რამდენიმე წილადით, რასაც ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ.

„როდესაც პირველად შევხედე ამ ცვლილების ამსახველ სეისმოგრამას, შევცბი. მაგრამ როდესაც ეს ოცზე მეტმა სხვა დაკვირვებამაც დაადასტურა, შედეგი უკვე აშკარა გახდა“, — ამბობს დედამიწის მეცნიერი ჯონ ვიდალი.

შიდა ბირთვი რკინა-ნიკელის სუპერცხელი, სუპერმკვრივი ბურთია, რომლის ზომაც მთვარის ზომის დაახლოებით ორი-მესამედია. მდებარეობს ჩვენ ფეხქვეშ, თითქმის 4800 კილომეტრის სიღრმეში და შესაბამისად, შესასწავლად საკმაოდ რთულია. თუმცა, მისმა კვლევამ ბევრი რამ უნდა გვითხრას ჩვენი პლანეტის ისტორიის შესახებ.

ახალ კვლევაში, ვიდალმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სენდვიჩის კუნძულებზე 1991-2023 წლებში მომხდარ მიწისძვრათა ჩანაწერები. ასევე დაამატეს რამდენიმე ბირთვული ცდის მონაცემები. თითოეულ ამ მოვლენას პლანეტაზე გამოწვეული ჰქონდა მნიშვნელოვანი რევერბაციები.

მკვლევრებმა აღრიცხეს, თუ როგორ ჩქარდება, ნელდება და ურთიერთქმედებს ეს ტალღები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა შიდა ბირთვის პოზიციისა და მოძრაობის შეფასება. მკვლევართა ვარაუდით, მისი აშკარა შენელება ზედაპირთან მიმართებაში, რაც როგორც ჩანს, 2010 წელს დაიწყო — შეიძლება გამოწვეული იყოს გარე ბირთვში თხევადი რკინის გამუდმებული მოძრაობით (რაც დედამიწის მაგნიტურ ველს წარმოქმნის) ან გრავიტაციული ძალების მიზიდვით.

ჯერ უცნობია, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ცვლილებები შიდა ბირთვის სიჩქარეში, შებრუნებასა და რხევებში უცხო არ არის და შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი ან ნიშანი იმისა, ვიფიქროთ, რომ საქმე რაღაც აპოკალიფსურ მოვლენასთან გვაქვს. შეიძლება სულ ოდნავ შეიცვალოს დღე-ღამის ხანგრძლივობა, მაგრამ უმნიშვნელოდ.

„ძალიან ძნელი შესამჩნევი იქნება, ალბათ წამის მეათასედი, რაც სრულიად ჩაიკარგება ოკეანისა და ატმოსფეროს ხმაურში“, — ამბობს ვიდალი.

დაზუსტებით კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კვლევა ახალ სინათლეს ჰფენს დედამიწის გეოლოგიურ სიღრმეში ჩამალულ საიდუმლოებს. დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა ის საკითხია, რომელიც მეცნიერებს მუდამ ძლიერ აინტერესებთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია usc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.