ის იმდენად საშინელი დაავადება იყო, რომ მთელ თაობებს სცემდა შიშის ზარს.
1918 წლის გრიპის პანდემია ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმსხვერპლა სულ მცირე 50 მილიონი ადამიანი (დღევანდელი 200 მილიონის ეკვივალენტი). გავრცელდა მსოფლიოს ყველა ნაწილში, იაპონიიდან დაწყებული, გერმანიითა თუ არგენტინით დამთავრებული.
ყველაზე საგანგაშო კი ის იყო, რომ დაავადებისგან დაღუპულთა უმეტესობა სხვა დაავადებებისგან დასუსტებული ხანდაზმულები კი არ იყვნენ, არამედ 20-დან 50 წლამდე ადამიანები.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან და საზოგადოების მღელვარებასთან ერთად, სხვადასხვა გამოცემასა და სოციალურ მედიაში გაჩნდა შედარებები 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ შიშისმომგვრელი ატმოსფეროსი — ქირურგიული ნიღბები, საკვების მომარაგება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება თუ პოტენციური ეკონომიკური შედეგები ძალიან ჰგავს 1918 წლის მოვლენებს, სამედიცინო რეალობა სრულიად სხვანაირია.
1918 წელს მსოფლიო ძალიან განსხვავებული იყო, თუნდაც პირველი მსოფლიო ომის გამანადგურებელი გავლენის გარეშეც კი. ექიმებმა ვირუსების არსებობის შესახებ იცოდნენ, მაგრამ არასოდეს ენახათ არც ერთი მათგანი — არ არსებობდა ელექტრონული მიკროსკოპები და ჯერ არც ვირუსების გენეტიკური მასალა იყო აღმოჩენილი. დღეს კი მკვლევრებმა იციან არა მხოლოდ როგორ გამოაცალკევონ ვირუსი, არამედ შეუძლიათ მოძებნონ მისი გენეტიკური თანმიმდევრობა, შეამოწმონ ანტივირუსული პრეპარატები და შექმნან ვაქცინა.
1918 წელს შეუძლებელი იყო მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანების შემოწმება, შესაბამისად, მათ თვითიზოლაცია უნდა მოეხდინათ. გარდა ამისა, თითქმის შეუძლებელი იყო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, რადგან გრიპი ინფექციური იყო და მთელი ქალაქები პანიკას ჰქონდა მოცული. ამას გარდა, ძალიან ცოტა დამცავი აღჭურვილობა არსებობდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის და არ არსებობდა სასუნთქი აპარატები ძალიან მძიმედ ავადმყოფთათვის.
სიკვდილიანობის 2,5 პროცენტიანი მაჩვენებლით, 1918 წლის გრიპი გაცილებით მომაკვდინებელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი და ის იმდენად ინფექციური იყო, რომ გავრცელდა ძალიან ფართოდ, რაც ნიშნავდა გარდაცვლილთა რიცხვის მატებას.
მკვლევართა აზრით, ხანდაზმულ ადამიანებს 1918 წლის გრიპი შედარებით ადვილად იმიტომ გადაჰქონდათ, რომ უკვე გააჩნდათ გარკვეული იმუნიტეტი მისი მიმართ. მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით ათი წლით ადრე ასევე გავრცელებული იყო ამ ვირუსის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ასე მომაკვდინებელი არ გახლდათ და ჩვეულებრივი გრიპის მსგავსად ვრცელდებოდა. 1918 წელს მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისთვის ახალი გრიპი ნაკლებად სასიკვდილო უნდა ყოფილიყო, რადგან მათ ორგანიზმში უკვე არსებობდა ანტისხეულები. ვირუსულ დაავადებათა უმეტესობა, თუნდაც წითელა ან ჩუტყვავილა, უფრო მძიმეა ახალგაზრდებისთვის; სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, თუ რატომ შეეხო 1918 წლის გრიპი ახალგაზრდებს უფრო სასტიკად.
მიუხედავად მიზეზებისა, ის ნამდვილი კატასტროფა იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისთვის, რომელიც საგრძნობლად დაეცა. 1917 წელს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში 51 წელი იყო. იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 1919 წელსაც, მაგრამ 1918 წელს ის 39 წლამდე დაეცა.
ახალი კორონავირუსი სასიკვდილოა ძირითადად ხანდაზმულებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და თითქმის არ კლავს ბავშვებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ მას გაცილებით ნაკლები ეფექტი ექნება ანდაც საერთოდ არ იმოქმედებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე.
ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ სამხრეთ კორეის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ის თითქმის სეზონური გრიპის მსგავსია. 100 000 ადამიანის ვირუსზე ტესტირების შემდეგ ირკვევა, რომ ამ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,65 პროცენტია.
დღევანდელ სიტუაციას 1918 წელთან საერთო აქვს მხოლოდ საზოგადოებრივი მღელვარების დონე.
რაც შეეხება ეკონომიკას, 1918 წლის გრიპის გავლენის გამოცალკევება ძალიან რთული იყო პირველი მსოფლიო ომით მიყენებული შედეგებისგან. მაშინ მსოფლიო ისე არ იყო დაკავშირებული, როგორც დღესაა და 1919 წლის ზაფხულისთვის, პანდემიაც დასრულდა.
კორონავირუსმა უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საფონდო ბაზარზე და ეკონომიკის სხვა ასპექტებზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება გრძელვადიანი შედეგები.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.