ახალი კანონით, კალიფორნიის შტატი ენერგიის წყაროდ მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა რესურსებს გამოიყენებს
კალიფორნიის შტატი 2045 წლისთვის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროზე გადავა. შტატის კანონმდებლებმა შესაბამისი ზომების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს.
ახალი კანონის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში არსებულ რეგიონში ენერგიის წყაროდ მზის, ქარის და სხვა ეკოლოგიურად სუფთა რესურსებს გამოიყენებენ.
გლობალური დათბობის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს კალიფორნიის შტატის ასამბლეაში 43-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 32 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტის თანახმად, კალიფორნიის შტატში, ბუნებრივი წიაღისეულის საშუალებით მიღებულ ენერგიას ეტაპობრივად ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები ჩაანაცვლებს. პროცესი 2045 წელს დასრულდება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგიის ეკოლოგიურად სუფთა რესურსებზე გადასვლას გარემოს დაცვასთან ერთად, ეკონომიკური სარგებელიც აქვს. მათი თქმით, ქარისა და მზის ენერგია ბუნებრივ წიაღისეულზე გაცილებით იაფი ჯდება.
კალიფორნიის შტატი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი პირველია.
ადგილობრივი ხელისუფლება გლობალური დათბობის თავიდან ასარიდებელ ზომებზე გამუდმებით მუშაობს. რამდენიმე თვის წინ კალიფორნია პირველი შტატი გახდა, რომელმაც ყველა ახალაშენებულ სახლზე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების დამონტაჟების განკარგულება გასცა.
ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ შტატში ეკოლოგიურად სუფთა რესურსი მთლიანი მაჩვენებლის 44 პროცენტს შეადგენს.