ახალი გუბერნატორები საქართველოს შვიდ რეგიონს ეყოლება 
ახალი გუბერნატორები საქართველოს შვიდ რეგიონს ეყოლება 

საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ეყოლება. ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი რწმუნებულები ექვს რეგიონში უნდა დანიშნულიყვნენ, თუმცა დღეს დილით თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემაც. მამუკა ბახტაძე დღეს მის შემცვლელსაც დაასახელებს.

შესაბამისად, ახალი გუბერნატორები ეყოლება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებს.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა. იმერეთს კი, გუბერნატორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. გურიის გუბერნატორმა კი, თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.