გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა, მამუკა ბახტაძე დღეს მის შემცვლელსაც დაასახელებს
გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა, მამუკა ბახტაძე დღეს მის შემცვლელსაც დაასახელებს

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭანუყვაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!! მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ექვს რეგიონში – შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი, ახალი გუბერნატორები უნდა წარადგინოს. პრემიერ-მინისტრი მათთან ერთად, გურიის ახალ გუბერნატორსაც დაასახელებს.

ჩამოთვლილი ექვსი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის გურიის გუბერნატორი არ ყოფილა. იმერეთს კი, გუბერნატორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მან შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.