ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი, რომელიც გასულ კვირას უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე არ ამუშავებულა.
დე ფაქტო საბაჟო კომიტეტმა ე.წ. საბაჟო კონტროლის დაწყება გასულ კვირას დააანონსა, თუმცა რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ახალგორის შესასვლელთან სეპარატისტულმა რეჟიმმა ორი, “სენდვიჩის” ტიპის შენობა დადგა, თუმცა ე.წ. საბაჟო პუნქტი ჯერ არ ამოქმედებულა.
„აკრძალვის მიზეზი არის ის, რომ რაიმე დაავადება არ შევიდეს, თუმცა ქართული მხრიდან ყველა სახის პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული თვალსაზრისით ტარდება, უსაფრთხოა და შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის, იქიდან შეიძლება გადმოვიდეს დაავადებული, თორემ აქედან არანაირი საფრთხე არ არსებობს. ყველაფერი, რაც იქ იყიდება, შედის ჩვენგან, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, როგორც მეცხოველეობის, ისე რძის პროდუქტების და ასევე, ხილი და ბოსტნეული. თუკი შეიზღუდება, ან საერთოდ აიკრძალება, პირველ რიგში დაზარალდება ოსური მხარე, რადგანაც, აქედან შეტანილი პროდუქტი იყიდება, როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში და არა მხოლოდ ცხინვალში, ჩრდილოეთ ოსეთშიც გადის აქედან შეტანილი ხილი და ბოსტნეული”, – აცხადებს ახალგორის გამგებელი.
დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტროლს ე.წ. საბაჟო პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც განახორციელებენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა გაუქმდეს ამ დრომდე არსებული შეზღუდვა 50 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთის გადატანის თაობაზე.
ასევე, გავრცელებული ცნობით, პიროვნებები, რომლებიც საშვს არ ფლობენ, შესაძლოა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ერთჯერადად გადაუშვან ოკუპირებულ რეგიონში.
ე.წ. საბაჟოს გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის.
„საბაჟო იდგმება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებს შორის საზღვარზე. ახალგორი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და წარმოუდგენელია, მსგავსი პუნქტების ამოქმედება და გახსნა. ეს მიუღებელია ყველანაირი კანონმდებლობით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. დანარჩენი, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენი მოსახლეობა ზარალდება, ვინაიდან იმ შავ გადასახადებთან ერთად, რასაც ტვირთის შეტანისას ახდევინებდნენ, დაემატება უკვე ოფიციალური გადასახადიც”, – ამბობს ახალგორის გამგებელი.
ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო კონტროლის განხორციელება გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო.