ახალგაზრდა ვარსკვლავმა, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს, შეიძლება ბევრი ცნობა მოგვცეს დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენების შესახებ — #1tvმეცნიერება
ჩვენი მზე დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა. ამის შესახებ მზის მსგავსი ვარსკვლავების მოდელებისგან და ამავე მასის სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებებიდან ვიცით.
ვიცით ისიც, რომ დროთა განმავლობაში მზის მხურვალება იმატებს, დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში კი ის წითელი გიგანტი ვარსკვლავი გახდება, საბოლოოდ კი სიცოცხლეს თეთრი ჯუჯას სახით დაასრულებს.
თუმცა, მზის ისტორიაში ბევრი რამ არის ჩვენთვის უცნობი. რამდენად აქტიური იყო ის ახალგაზრდობაში? ახალგაზრდა მზის რა თვისებებმა მისცა მილიარდობით წლის წინ სიცოცხლეს დედამიწაზე აღმოცენების საშუალება?
დროის მანქანა რომ გვქონდეს, შორეულ წარსულში ვიმოგზაურებდით და მზის ახალგაზრდობას პირდაპირ დავაკვირდებოდით. მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, შეგვიძლია ერთ საუკეთესო ხერხს მივმართოთ: დავაკვირდეთ იმ ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომლებიც ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგვანან ჩვენს მზეს.
ასეთი კვლევები ასტრონომებს უკვე ჩატარებული აქვთ ბებერ ვარსკვლავებზე, მაგალითად, HIP 102152 მზის მსგავსი ვარსკვლავია, მაგრამ 4 მილიარდი წლით უფრო ხანდაზმული.
ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა მზის მსგავსი ახალგაზრდა ვარსკვლავი, სახელად ვეშაპის კაპა 1 შეისწავლა.
ამ ვარსკვლავს მეცნიერები 1940-იანი წლებიდან აკვირდებიან. მდებარეობს ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში, 30 სინათლის წლის მანძილზე. ჩვენს მზეს ძალიან ჰგავს მასითა და ლითონების შემცველობით, მაგრამ ასაკით ჯერ მხოლოდ 600 მილიონი წლისაა. ამ კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა ვეშაპის კაპა 1-ის დაკვირვებათა მონაცემები მზის ევოლუციურ მოდელებს შეურწყა.
შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული პროგნოზების გაკეთება ახალგაზრდა მზის შესახებ.
ამ მოდელზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მზე სავარაუდოდ მზე სამჯერ უფრო სწრაფად ბრუნავდა, ვიდრე ახლა, ჰქონდა უფრო ძლიერი მაგნიტური ველი, აფრქვევდა უფრო ბევრ მზის ალებს და მაღალენერგიულ ნაწილაკებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ მაშინ უნდა აღმოცენებულიყო, როდესაც მზე დაახლოებით 600 მილიონი წლის იყო. ამ ასაკის მზის შესწავლამ კი ნამდვილად ბევრი რამ უნდა გვითხრას სიცოცხლის გაჩენის შესახებ.
ეს კვლევა რამდენიმე მაცდურ შესაძლებლობას გვთავაზობს. ვინაიდან დედამიწის მაგნიტური ველი მაშინ სუსტი იყო, ახალგაზრდა დედამიწას უფრო დაუცველი უნდა ყოფილიყო მზის ამოფრქვევების, კორონარული მასის ამოფრქვევებისა და მაღალენერგიული ნაწილაკებისგან.
შესაძლოა, სწორედ ეს ნაწილაკები დაეხმარა დედამიწაზე კომპლექსური მოლეკულების წარმოქმნას. თუ მართლაც ასეა, სიცოცხლის სამშენებლო ბლოკების წარმოქმნაში შეიძლება ახალგაზრდა, აქტიურმა მზემ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ასეთი კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა და ასეთი კავშირის შესახებ მონაცემები მწირია. თუმცა, ჯგუფი იმედოვნებს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას შეგროვებს სხვადასხვა ასაკში მყოფი მზის მსგავსი ვარსკვლავებისგან.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.