ახალციხის არქივის ეზოში სავარაუდოდ, XVIII-XIX საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
ახალციხის არქივის ეზოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სავარაუდოდ, XVIII-XIX საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ახალციხიდან იუწყება.
სამცხე–ჯავახეთის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი ჯუმბერ ჩოხელი პირველ არხთან აცხადებს, რომ შენობის კედლები, არქივის ახალი კორპუსის საძირკველის გათხრის დროს მუშებმა აღმოაჩინეს. მისი თქმით, შენობის კედლების სიგრძე დაახლოებით 10 მეტრია. მის ნაწილზე კი ახალციხის არქივის შენობა დგას.
არქეოლოგის განცხადებით, აღმოჩენის შესწავლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც ჩაერთო.
„ეს არის საყოფაცხოვრებო, სამხედრო ან რელიგიური დანიშნულების ნაგებობა. ვფიქრობ, შენობის ნაშთები XVIII-XIX საუკუნით თარიღდება. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ჯერ უცნობია“, – განაცხადა ჯუმბერ ჩოხელმა.