პერუში მსხვერპლშეწირვისას მოკლული ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს
პერუში მსხვერპლშეწირვისას მოკლული ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს

პერუში მსხვერპლშეწირვისას მოკლული ბავშვების ყველაზე დიდი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება, სამარხში აღმოჩენილია 227 არასრულწლოვნის ძვლები. მათი ასაკი 5-დან 14 წლამდე მერყეობს. არქეოლოგების თქმით, სამარხი პერუს დედაქალაქ ლიმას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ უანჩაკოში მდებარეობს.

მეცნიერების თქმით, ბავშვები 500 წლის წინ დახოცეს. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ბავშვები წვიმიან ამინდში შესწირეს მსხვერპლად და ისინი სახით ზღვისკენ არიან დაკრძალულნი. ამის გათვალისწინებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ ბავშვები სავარაუდოდ „ჩიმუს ღმერთების დასამშვიდებლად მოკლეს“.

ჩიმუს ხალხი პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე სახლობდა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცივილიზაციად ითვლებოდა. ჩიმუს ხალხი ინკებმა გაანადგურეს.