აკაკი ზოიძე - თუ ნარკოტიკისგან გათავისუფლებული ადამიანი მინახავს, ეს სულიერებასთან ზიარებითა და რწმენასთან მიმართებით მოხდა
აკაკი ზოიძე - თუ ნარკოტიკისგან გათავისუფლებული ადამიანი მინახავს, ეს სულიერებასთან ზიარებითა და რწმენასთან მიმართებით მოხდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს უკან გაიწვევენ, მოხდება კორექტირება თუ დოკუმენტს თავიდან შემოიტანენ.

პირველ არხთან აკაკი ზოიძემ საპატრიარქოს განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს პოზიცია კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებებს ეხმიანება.

„განხილვები ახლაც მიმდინარეობს და მანამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოება გარკვეულ პოზიციაზე არ შეჯერდება. პრინციპები და მიდგომა, რაც განცხადებაშია, ვიზიარებ, რადგან რეალურად ეს საფუძველია იმის, რის გამოც თავის დროზე კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ.

ნარკოტიკების არარეგალური ბრუნვა და გასაღება, ასევე ექსპორტ-იმპორტი მკაცრად უნდა ისჯებოდეს და თუ ნარკომომხმარებელი წესრიგს არ დაარღვევს, მას უნდა დავეხმაროთ და ვიზრუნოთ. ნარკომოხმარების შემცირების პრევენციის ერთადერთი გზა განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესია. ეს მიდგომა თავიდანვე გვქონდა და კანონპროექტის არსი საკანონმდებლო დონეზე სწორედ ამ მიდგომის ხელშეწყობა იყო.

თუ ჩვენმა ოპონენტებმა რაიმე ხარვეზები დაინახეს, ეს სხვა თემაა. საპარლამენტო განხილვის მთელი არსი ის არის, რომ თუ რაიმე პრევენციული საფრთხე და ხარვეზებია, გავითვალისწინოთ. კანონპროექტის ინიცირება შვიდი თვის წინ მოხდა და ამოცანა იყო, რომ საკითხზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ფართო საზოგადოებრივი განხილვა ყოფილიყო, მათ შორისაა ეკლესია, რომელსაც ისედაც დიდი როლი ეკისრებოდა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში.

თუ ნარკოტიკისგან გათავისუფლებული ადამიანი მინახავს, ეს სულიერებასთან ზიარებითა და რწმენასთან მიმართებით მოხდა. საპატრიარქოს განცხადება მისაღებია და ეხმიანება იმ პოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს. საკითხზე განხილვები ახლაც მიმდინარეობს და გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოება გარკვეულ პოზიციაზე არ შეჯერდება. ამის შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. არ ვაპირებთ, ნაჩქარევად რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ. განხილვები მანამდე გაგრძელდება, სანამ ოპტიმალურ პოზიციამდე არ მივალთ.

არსებული ვარიანტიდან ბევრი პოზიცია სწორედ კონსულტაციების შედეგად შევცვალეთ. მოსალოდნელია, რომ მომავალშიც შეიცვალოს. კონსულტაციების რეჟიმი არ ამოიწურა, წინ არის მინიმუმ ერთი თვე და ცვლილებებს რამდენიც დასჭირდება, იმდენი ხანი ვიმსჯელებთ. თვითმიზანი არ არის, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ჯანსაღ კანონპროექტზე შეჯერდეს, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის”, – განაცხადა ზოიძემ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო და ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.

აღნიშნულ საკითხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო, გუშინ კი, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩეროს და საკითხზე მსჯელობა გაიმართოს ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.