აკაკი ზოიძე - ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პრევენცია მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი ვერ იქნება, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია
არასრულწლოვნის კი არა, 21 წლამდე პირის კანაფის მოხმარებაზე დაყოლიება საკმაოდ დიდ სასჯელს ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პირი მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს.
„ვიდეოს გავრცელება ამ საქციელის პოპულარიზაციას იწევს, რაც ორმაგად უფრო დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. თუ საკითხს სამართლებრივი თვალსაზრისით მივუდგებით, არასრულწლოვნის კი არა, 21 წლამდე პირის კანაფის მოხმარებაზე დაყოლიება, საკმაოდ დიდ სასჯელს 6-10 წლამდე თაისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხმარება კი, შესაბამისს ადმინისტრაციულ სასჯელს. პრევენცია მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი ვერ იქნება, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია, რაც მსგავსი მავნე დამოკიდებულებების ერთადერთი ეფექტიანი გზაა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება. როგორც კი, პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტი შემოვა, ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ პირი მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.