პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები.

ცვლილებების ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე.

სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.

„დღეიდან მოყოლებული უკვე დაიწყება განხილვა კანონპროექტის, რომელიც გულისხმობს ახლებური რეგულაციების გაჩენას რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა პრობლემა სამართლებრივ ჩარჩოში და ეს გულისხმობდა იმას, რომ მცირე დოზის განსაზღვრება არ ჰქონდა ამ ნარკოტიკულ საშუალებას. მათ შორის არის ჰეროინი, მეთადონი და ა.შ. ამ შემთხვევაში ამ პრობლემის გამო, მიუხედავად ოდენობისა, მიუხედავად მცირე ოდენობისა, განსხვავებით სხვა ნარკოტიკული საშუალებისგან, რომელსაც აქვს განსაზღვრული მცირე დოზები, პასუხისმგებლობა პირდაპირ დგებოდა ისეთი, როგორიც გათვალისწინებულია დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულისთვის. შესაბამისად, ეს კანონპროექტი დაარეგულირებს ამ საკითხს ახლებურად, უფრო სამართლიანად და უფრო დაბალანსებულად ამ თვალსაზრისით, რაც რასაკვირველია, რომ სწორია. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამის მიღმაც არსებობს სხვა საკითხები ნარკოპოლიტიკის ირგვლივ, ბუნებრივია, რომ ასეთი საკითხები მოითხოვს მომავალში მსჯელობას, თუმცა ამ კონკრეტული კანონპროექტის ავკარგიანობაზე ეს უარყოფითად ნამდვილად არ მეტყველებს. პირიქით, ეს არის სწორი კანონპროექტი და სწორი რეგულაციები, რომლებიც დამოკვიდრდება ქართულ კანონმდებლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.