აკაკი ზოიძე - ნარკოტიკების გამსაღებლებთან დაუნდობელი ბრძოლა მომხმარებლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს
აკაკი ზოიძე - ნარკოტიკების გამსაღებლებთან დაუნდობელი ბრძოლა მომხმარებლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიმართება.

როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია ისე, რომ გამსაღებელთა მიმართ დაუნდობელი ბრძოლა მომხმარებლებთან დაუნდობელ ბრძოლაში არ გადაიზარდოს.

დეპუტატის განმარტებით, დღეს არსებული ზღვარი გასაღებასა და მოხმარებას შორის ძალიან მყიფეა და ხშირ შემთხვევაში, არც არსებობს.

„ახალი ინიციატივით მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავს, რომ ზღვარი დავაწესოთ – გასაღებასა და მოხმარებას, ასევე ნარკოტიკების მოხმარების წახალისებასა და ჰუმანურ დამოკიდებულებას შორის. ნარკომომხმარებლებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და მათ ციხის ნაცვლად, რეაბილიტაცია-მკურნალობა უნდა ჩავუტაროთ და საზოგადოებაში  დავაბრუნოთ. პრინციპებზე ყველა თანხმდება რადიკალური ჯგუფების გარდა, რომლებიც ერთი მხრივ, ნარკოტიკების სრულ რეალიზაციას ითხოვენ, რაც დამღუპველია. მეორე მხარე ნარკომომხმარებლების სიკვდილით დასჯას ითხოვს, ხოლო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეჯერებულია სამ პრინციპზე, რომელიც ეხება გამსაღებლების მიმართ დაუნდობელ ბრძოლას,  პრევენციას, ნარკომომხმარებლების მკურნალობასა და მათთვის საზოგადოებაში დაბრუნების შანსს. დაბალანსებული პოლიტიკა ესაა”, – აღნიშნავს ზოიძე.

კანონმდებლის ცნობით, ამჟამად მსჯელობა ზღვრულ ოდენობებზე მიმდინარეობს.

„გარკვეული დეტალები რჩება. რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე ყველა შევთანხმდით, როგორ უნდა გავაკეთოთ, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შეთანხმება მიღწეული ერთ თვეში იქნება, რადგან მსჯელობა ზღვრულ ოდენობებზე მიდის. ეს ამოცანა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დასვა და დავეთანხმეთ. ვმსჯელობთ, სად არის ზღვარი გასაღებასა და მოხმარებას შორის. ზღვრული ოდენობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამდენ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას იწვევს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 50 აბი რომ არ აღმოეჩინათ და ერთი აბი ჰქონოდა, მისი სასჯელი მაინც რვა წელი იქნებოდა, რადგან ეს ასეა განსაზღვრული“,  – აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობა მოხდება თუ არა თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში, ზოიძე პასუხობს, რომ „გეგმა ასეთია, ცხოვრება გვიჩვენებს“.

„ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე უნდა გავიტანოთ, უმრავლესობაში პოზიციებს შევაჯერებთ. ეს დამოკიდებულია ორივე მხარეზე, რადგან შეჯერება გულისხმობს კონსულტაციებსა და კონსენსუსს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა შესრულდება და ამ კანონმდებლობას დროულად მივიღებთ“, – განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა ინიციატივის წინააღმდეგ კომიტეტის რამდენიმე წევრი და „კონსერვატორები“ გამოდიან.