აივ-ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში მძლავრი ანტისხეულები წარმოქმნა — #1tvმეცნიერება
იმისათვის, რათა ვაქცინამ იმოქმედოს, იმუნიზებულ პირში ანტისხეულები უნდა წარმოქმნას, რომლებმაც შემდეგ ორგანიზმში შეჭრილი ინფექციები უნდა გაანეიტრალოს. იმისათვის, რათა ვაქცინა უსაფრთხო იყოს, აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ უნდა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები ან რეაქციები.
აივ-ინფექციის ახალი კანდიდატი ვაქცინა ადრეულ კლინიკურ ცდებში ნაცნობი გამოწვევების წინაშე დგას — ზოგ ასპექტში წარმატება აქვს, მაგრამ ზოგში სირთულეების წინაშეა.
თუმცა, პროგრესი მაინც სახეზეა. შემქმნელებმა ვაქცინა ისე გადააფორმულირეს, რომ შემდეგ კვლევებში გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება. მათ მიერ მიღებული უახლესი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინამ ადამიანთა მცირე ჯგუფში წარმატებით წარმოქმნა ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები.
ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (bnAb) რომ აივ-ინფექციას მიზანში იღებენ, 1990-იანი წლების დასაწყისში, აივ/შიდს-ის ეპიდემიის პიკში აღმოაჩინეს ზოგიერთ ინფიცირებულში.
მათი პოტენციალი იმთავითვე აშკარა იყო — ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები ცნობენ და ანეიტრალებენ აივ-ის მრავალ შტამს, გენეტიკურად ცვალებად, ფორმაცვალებად ვირუსს, რომელიც თავის გარსს ისე ფუთავს, რომ იმუნურმა სისტემამ ვერ დააფიქსიროს.
თუმცა, თითქმის 40-წლიანი კვლევების მიუხედავად, დღემდე მიუღწეველი აღმოჩნდა ისეთი ვაქცინის შექმნა, რომელიც ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს წარმოქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ მხოლოდ აივ-ინფექციის ვაქცინაზე.
ბუნებრივი ინფექციები კარგად გვაგებინებს, რამდენად რთულია იმუნური სისტემისთვის ამ ძლიერი ანტისხეულების მოპოვება — ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები აივ-ინფექციის მქონე ადამიანთა მხოლოდ 10-25 პროცენტში წარმოიქმნება და ამასაც წლები სჭირდება.
გამომდინარე აქედან, მცირე კლინიკურ ცდაში კანდიდატი ვაქცინის მიერ რამდენიმე ადამიანში ორი დოზის შემდეგ ამ ანტისხეულების წარმოქმნა ნამდვილად იმედისმომცემია.
„ამის ხილვა ძლიერ ამაღელვებელი იყო. ვაქცინის ამ მოლეკულით, რამდენიმე კვირაში გაჩნდა გამანეიტრალებელი ანტისხეულები“, — ამბობს კვლევის ავტორი, აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის ადამიანის ვაქცინების ინსტიტუტის (DHVI) იმუნოლოგი უილტონ უილიამსი.
ვაქცინის კანდიდატი მიზანში იღებს აივ-1-ს, აივ-ის ორი ტიპიდან ყველაზე გავრცელებულს; კერძოდ, მისი გარსის იმ ნაწილს, რომელიც ვირუსის მუტაციის შემთხვევაშიც სტაბილური რჩება.
კლინიკური ცდების პირველი ფაზა 2019 წელს დაიწყო და მასში 24 ჯანმრთელი პაციენტი მონაწილეობდა. მათგან ოთხს პლაცებო მისცეს. თუმცა, ცდა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ერთ პირს მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა (მესამე დოზის შემდეგ) ვაქცინის ერთი კომპონენტის — პოლიეთილენგლიკოლის (PEG) მიმართ, რომელსაც ფორმულის სტაბილიზაციისთვის იყენებდნენ.
ვიდრე ცდა შეჩერდებოდა, ხუთმა ადამიანმა მიიღო ოთხი დაგეგმილი დოზიდან სამი, დანარჩენმა 15-მა კი მხოლოდ ორი დოზა მიიღო.
ამის შემდეგ, ვაქცინა პოლიეთილენგლიკოლის გარეშე გადააფორმულირეს და შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ცდის გაგრძელება პოლიეთილენგლიკოლისგან თავისუფალი ვერსიით. ამასობაში, უილიამსმა და მისმა კოლეგებმა ხელმისაწვდომი მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ვაქცინა ძლიერ იმუნურ პასუხს აღძრავდა ორი დოზის შემდეგ.
იმ ხუთი ადამიანიდან სამში, რომლებმაც ცდის შეჩერებამდე სამი დოზა მიიღეს, ასევე წარმოიქმნა დიდხანს ნანატრი ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები. ამ ანტისხეულებიდან ყველაზე ძლიერებმა უჯრედულ ექსპერიმენტებში აივ-ის შტამების 15-30 პროცენტი გაანეიტრალა.
„ეს კვლევა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აჩვენებს, რომ იმუნიზაციით შესაძლებელია ისეთი ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც აივ-ინფექციის ყველაზე რთულ შტამებს ანეიტრალებენ. ჩვენი შემდეგი მიზანია უფრო ძლიერი გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც აივ-ს სხვა ადგილებში შეუტევს და აღკვეთს მის გაქცევას. ამისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ მომავალი ახლა გაცილებით მკაფიოა“, — ამბობს დიუკის უნივერსიტეტის ადამიანის ვაქცინების ინსტიტუტის (DHVI) იმუნოლოგი ბარტონ ჰეინისი.
კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია dukehealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.