აივ ინფექციის ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე ცდების პირველადი შედეგები დადებითია — #1tvმეცნიერება
აივ ინფექციის კანდიდატმა ვაქცინამ დადებითი ადრეული შედეგები აჩვენა — აცრილთა 97 პროცენტში აღძრა ადამიანის იმუნური პასუხის კრიტიკული კომპონენტი.
კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, პატარა ცდაში გატესტეს ვაქცინა, რომელიც დამზადებულია აივ ვირუსში არსებული ცილის ინჟინრული ვერსიით. ეს ნაწილაკი იმისათვის შექმნეს, რომ სხეული მოამზადოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამოსამუშავებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აივ ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტის წარმოსაქმნელად.
ფართოდ გამანეიტრალებელმა ანტისხეულებმა აივ-ის მრავალი ქვეტიპი უნდა ამოიცნოს, რაც საჭიროა იმუნიტეტის წარმოსაქმნელად, რადგან აივ ვირუსი მუტაციებს ხშირად განიცდის.
ცდაში 48 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგს კანდიდატი ვაქცინა გაუკეთეს, ზოგს კი პლაცებო; ვაქცინამიღებული 36 ადამიანიდან 35-ს აღენიშნა ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულთა წინამორბედების, B-ლიმფოციტების გააქტიურება, რამაც შეიძლება მოამზადოს პირველი ნაბიჯი იმუნიტეტისკენ.
ამ მეთოდის არსი ძირითადად არის იმუნური სისტემის გაწვრთნა აივ ვირუსის მრავალი სხვადასხვა ქვეტიპის ამოცნობაში გაწვრთნა. კვლევის ერთ-ერთი ავტორია Scripps Research-ის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი უილიამ შიფი.
„აივ-ის გამონაშვერ წვეტებზე მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია ისეთი, რომელიც იგივე ან შედარებით იგივეა სხვადასხვა იზოლატებში. ვცდილობთ, აღვძრათ ძლიერ სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებსაც ისეთი ძლიერ სპეციფიკური თვისებები აქვთ, რომ მათი საშუალებით ამ ზუსტ მონაკვეთებს ბოჭავენ“, — ამბობს შიფი.
კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, არც ერთ მონაწილეს არ აღენიშნა რაიმე სახის სერიოზული გვერდითი ეფექტი; მსუბუქი ან საშუალო იყო ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ნანემსარი ადგილის ტკივილი ან თავის ტკივილი, რაც ერთ ან ორ დღეში თავისით გაქრა.
შედეგები 1 დეკემბერს, შიდსის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. ცდების დაწყების შესახებ 2021 წელს გვამცნო ორგანიზაცია AIDS Society HIV Research for Prevention-მა. ცდების თანაავტორები არიან International AIDS Vaccine Initiative და Scripps Research-ი.
აივ ინფექციის ვაქცინის შექმნას მეცნიერები უკვე 40 წელიწადია ცდილობენ
აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შექმნა საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ აივ ვირუსი ძლიერ მუტირებს. ის სწრაფად ვითარდება და იცვლება და ადამიანის იმუნურ სისტემას თავს არიდებს, რადგან ამ უკანასკნელს მისი ამოცნობა არ შეუძლია.
ამას გარდა, სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევის გარდა, აივ ინფექციისგან ჯერ არავინ განკურნებულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით, სხეულის რა სახის იმუნურ უჯრედებს შეუძლია დაგვიცვას ამ ინფექციისგან.
თეორიულად, ეს ვაქცინა პირველი იქნება მრავალი ვაქცინის სერიაში, რომელიც იმუნური სისტემის გასაწვრთნელად აივ-ის სხვა სახის ნაწილაკს იყენებს. ვაქცინების პროგრესთან ერთად, მოლეკულები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ნამდვილ აივ-ვირუსს, იქამდე, ვიდრე წარმოქმნილი ანტისხეულები შეძლებენ მრავალი სახის აივ-ის შებოჭვას.
„ეს გახლავთ ვაქცინის შექმნის სრულიად ახალი გზა“, — აღნიშნავს შიფი.
ასეთივე კვლევებზე დაყრდნობით, საკუთარ ვაქცინაზე ასევე მუშაობს კომპანია Moderna
შიფის განცხადებით, მისი ჯგუფი ამჟამად ბიოტექნოლოგიურ გიგანტ Moderna-სთან მუშაობს ვაქცინის შექმნასა და ტესტირებაზე, რომელმაც სხეულს იმუნიტეტის მწვრთნელი აივ-ის ნაწილაკები ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) საშუალებით უნდა მიაწოდოს და არა ცილაზე დაფუძნებული მოდელით, როგორც ეს ამ უახლესი კვლევაშია გამოყენებული. ერთ პირველ ფაზაში ამჟამად ტესტავენ იმავე ნაწილაკს, ასევე კიდევ ერთ ინჟინრულ ნაწილაკს, mRNA მიწოდების სისტემით. კიდევ ერთი კვლევა ამავე ნაწილაკს კლინიკურ ცდებში აფრიკაში ტესტავს.
შიფის განცხადებით, მე-2 ფაზის დაწყებას დრო სჭირდება და არც იმის გარანტია არსებობს, რომ საბოლოოდ ვაქცინა იმუშავებს.
მაგრამ თუ ასე აღმოჩნდა, შიფი აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ვაქცინების შესაქმნელადაც, მათ შორის კორონავირუსის ან გრიპის უნივერსალური ვაქცინისთვის.
„იმედი გვაქვს, რომ არის გარკვეული შანსი იმისა, ეს მიდგომა გამოსადეგი აღმოჩნდეს აივ-ის მიღმაც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მხოლოდ აივ-ის წინააღმდეგ დახმარებაც უზარმაზარი საქმე იქნება“, — აღნიშნავს შიფი.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.